მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტებზე ფასნამატი დარღვევად ვერ ჩაითვლება - "ფარმაცევტული ასოციაცია"

610e79c101beb
ინგა მურუსიძე
07.08.21 22:54
1171
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია. პრემიერმა განცხადება მთავრობის ბოლო სხდომაზე გააკეთა და საკითხის აუცილებელ რეგულირებასაც გაუსვა ხაზი.

„ფარმაცევტული ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება ასოციაციის წევრების მისამართით არ არის გაჟღერებული, რადგან მათ შემთხვევაში ფასნამატი ამხელა არ არის.

გარდა ამისა, როგორც მარგველაშვილმა bm.ge-ს უთხრა, ასოციაცია მოიცავს ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე არსებული მედიკამენტების 25%-ს შეადგენს.

„ჩვენი ასოციაციის წევრების მიერ შემოტანილ პროდუქციაზე მსგავსი ფასნამატი არ არის. აღსანიშნავია, რომ ფასნამატს ადგენს დისტრიბუტორი და არა ფარმაცევტული კომაპანია, თუმცა კომპანიებს რა თქმა უნდა აქვთ ინფორმაცია, თუ რა ფასად იყიდება მათი მედიკამენტები. ფასნამატის დადგენა დისტრიბუტორის პრეროგატივაა, რაც არ არის რეგულირებული. პრემიერის განცხადების მსგავსი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა გარკვეული ხნის წინ.

როგორც ჩვენ ვიცით, საკითხზე მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა და ველოდებით შემდგომ ინფორმაციებს, არის თუ არა რეალურად მსგავსი ოდენობის ფასნამატები მედიკამენტებზე. ჩვენი ასოციაციის წევრების გარდა ბაზარზე არიან ფარმაცევტული კომპანიები და შესაძლოა, სხვაგან იყოს მსგავსი ფასნამატები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით ფასნამატი რაიმე ტიპის დარღვევად ვერ ჩაითვლება, რადგან ეს საკითხი რეგულირებული არ არის, თუმცა „ფარმაცევტული ასოციაციის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გამომდინარე სოციალური მდგომარეობიდან და ეკონომიკური სიდუხჭირიდან, შესაძლოა, პრემიერმა განცხადება გააკეთა იმისთვის, რომ რეგულაციებზე მსჯელობა დაიწყოს.
„კონკრეტიკა მე არ ვიცი, თუ რა იგეგმება, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხი შესაძლოა აისახოს კანონში, რომელიც ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ იწერება და რომელზე მსჯელობაც უნდა გაიმართოს“, - აღნიშნა მან.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნული დარგის რეგულირების დადებითი და უარყოფითი გამოცდილებები არსებობს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური.

„თუ გადაწყდება, რომ ფასების რეგულაცია იყოს, ამას სჭირდება ერთობლივი თანამშრომლობა მწარმოებელ, იმპორტის, სადისტრიბუციო კომპანიებს და სახელმწიფოს შორის, რომ შეიქმნას მოდელი, რომელიც არ დააზარალებს პაციენტს მედიკამენტის გაქრობით, ამის მაგალითი კი მეზობელ ქვეყანაში გვაქვს“, - ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.