მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში დაგვარწმუნა"

63ffacdc50c3e
BM.GE
02.03.23 00:15
681
„გასულ კვირაში, მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში და ბაზარზე მათ დომინანტობაში, რაც სამწუხაროდ, რეალობაა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ საქართველოში არსებობს ჰოლდინგები, რომლებიც აერთიანებს წამლის იმპორტიორ, დისტრიბუტორ, საცალოდ გამყიდველ და რიგ შემთხვევებში, ადგილობრივად მწარმოებელ კომპანიებს. ასევე, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ასეთ ჰოლდინგებს აქვთ ბაზარზე დომინირებისა და თამაშის წესების კარნახის შესაძლებლობა.

„ეს ჩვენთვის მიუღებელია. დაწესებული რეგულაციებითა და კონტროლით მივაღწევთ იმას, რომ ბაზარი იყოს რაც შეიძლება, გამჭვირვალე, ჩვენი მოქალაქეებისთვის კი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც სამედიცინო სერვისები, ისე - მედიკამენტები. საბოლოო ჯამში, რა საკვირველია, ჰოლდინგების დაშლამდე მივალთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეფორმა და ცვლილება, ვერ მიიღწევა, რადგან ასეთ ჰოლდინგებს შეუძლიათ, ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღება. ზუსტად მსგავსი ტიპის შეთანხმებებით, ან კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებით, მაგალითად, საბოტაჟით, შეუძლიათ, იმპორტი არ განახორციელონ, ან თუ სხვა, შედარებით მცირე კომპანია განახორციელებს იმპორტს, აფთიაქებში არ მისცენ მედიკამენტის გაყიდვის შესაძლებლობა.

ასევე, ჰოლდინგებს შეუძლიათ, უკარნახონ პატარა აფთიაქებს თავისი პირობები. წინა კვირაში განვითარებული მოვლენებით დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის - მარტივი შეთანხმებით შეიძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და იძულებული იყოს მომხმარებელი, ეს ფასი გადაიხადოს. ამიტომ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ კიდევ მეტი კონკურენცია იყოს ბაზარზე და მცირე ზომის კომპანიებს ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც იმპორტის ნაწილში, ისე დისტრიბუციისა და აფთიაქების ნაწილში. ცვლილებები უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, მაქსიმუმ, მომდევნო წლის ბოლომდე, ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული, სრულად რეალიზებული იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.