მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეეჭვება, სერიოზულმა ბიზნესმენმა ეს არ იცოდეს“ - კობა გვენეტაძე bm.ge-ის პასუხად ლარის კურსზე

5f61d07610680
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.20 12:55
1383
"ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. მეეჭვება, რომ რომელიმე სერიოზულმა ბიზნესმენმა, ადამიანმა, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული, ეს არ იცოდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

BM.ge: ერთ-ერთმა ბინზესმენმა გვითხრა, როცა ვიძინებ, ლარის სხვა კურსია და როცა ვიღვიძებ, უკვე - სხვაო. რატომ არ არის სებ-ის კომუნიკაცია ბიზნესთან უფრო პროაქტიული?

"გაცვლითი კურსის რისკი არის ბიზნესის ფინანსური მართვის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი. ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს,  რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს.

ჩვენ ფინანსურ განათლებას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და გვაქვს მოდული, სადაც ბიზნესმენებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ვახორციელებთ და ესეც შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ზოგადად, ეს არის კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები და როდესაც მენეჯმენტს და ბიზნესს სწავლობენ, ეს პრინციპები პირველ კურსზე უკვე შესწავლილი უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული. ასე იქცევა მსოფლიოში ყველა კომპანია და კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს პრობლემას ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ვალუტის მერყეობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს საქართველოშია“, - განაცხადა კობა გვენატაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე დედოლარიზაციის პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის ეს მნიშვნელოვანია.

„ეს კავშირშია დედოლარიზაციის პოლიტიკასთან, რომელსაც ეკონომიკური გუნდი ახორციელებს; როდესაც ეს რისკები წარმოიშობა, ეს არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის დონე ჯერ კიდევ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში დოლარიზაციის მაჩვენებლები როგორც სესხების, ისე დეპოზიტების მიმართულებით, დაახლოებით, 11-12%-ით შემცირდა, ის ჯერ კიდევ მაღალია. ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა და ასეთი რისკების შემცირებაც მოხდება. ჩვენ ვამთავრებთ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე მუშაობას, რომელიც საზოგადოებას წლის ბოლოს წარედგინება და ერთ-ერთი რისკი, რომელიც იდენტიფიცირდება საქართველოში, არის მაღალი დოლარიზაცია.

ჩვენ ვინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას და მოქნილი-გაცვლითი კურსი ამ სტაბილურობის ერთ-ერთი ელემენტია. ფინანსური სტაბილურობა რატომღაც მოცემულ გარემოებად მიიღება, რაც ასე არ არის. ამას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება; თუ მოხდა გაცვლითი კურსის დაფიქსირება, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, ეს აუცილებლად გადაეცემა ეკონომიკას - ეკონომიკა უფრო ნაკლებად განვითარდება, ფინანსური სექტორი უფრო ნაკლებად შეძლებს ბიზნესის დაფინანსებას და ეს რისკებს შეუქმნის ფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ მოქნილი გავლითი კურსის არსებობა აუცილებელია, ხოლო იმისთვის, რომ ბიზნესმა ამ გარემოში იფუნქციონიროს მათ უნდა გაითვალისწინონ რისკები და მიიღონ ზომები მათი მინიმიზაციისთვის“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.