მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეფუტკრეები ტყეში სკის განთავსებაზე დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ - ასოციაცია

628b97338c58d
ანუკა ჯოხაძე
23.05.22 23:00
2905
ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის "ტყით სარგებლობის წესის შესახებ’’ 221-ე დებულებაში შევიდა, რომლის მიხედვითაც 1 წლის განმავლობაში 1 სკის გადასახდელი სიმბოლური 1 ლარი იქნება.

აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება სახელდება. ამასთან, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.

მეფუტკრეთა გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ირინა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გაერთიანებამ სატყეო დეპარტამენტის სახელზე შესაბამისი წერილიც გაამზადა, სადაც შესაბამისი გაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. მისი თქმით, იმ მეფუტკრეებისთვის, ვისაც ფუტკრების დიდი რაოდენობის ოჯახები ჰყავთ, აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი ფინანსური წნეხი იქნება.

“მეფუტკრეები მაინც არ არიან კმაყოფილები, რომ 1 სკის განთავსებაში 1 ლარი გადაიხადონ. ახლა მიმდინარეობს ამ თემების განხილვა, ჩვენ გვქონდა შეხვედრა გაერთიანებაში, გავამზადეთ წერილი საქართველოს სატყეო დეპარტამენტის სახელზე, რომელიც განაგებს იმ ადგილებს, სადაც ფუტკარი უნდა განთავსდეს. ვისაც ბევრი ოჯახი ჰყავს, ის ამთაბარებს ფუტკარს და მას უჩნდება დამატებითი ხარჯები. ასეთ მეფუტკრეებს ჯერ ტრანსპორტირება უჯდება ძვირი და ამას ემეტება სკის განთავსების საფასური. ვისაც ფუტკრის 1500-2000 ოჯახი ჰყავს დამატებით ხარჯია", - ამბობს მეფუტკრეთა გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირინა ლორთქიფანიძე.