მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეფუტკრეობის მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრში მეფუტკრეებისთვის ტრენინგები იმართება

616477afc71f4
თამთა ჯიჯავაძე
11.10.21 21:41
1433
თბილისში, მეფუტკრეობის მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრში (BageBee), რომელიც 2021 წლის ივლისში ოფიციალურად გაიხსნა, საპილოტე ტრენინგ-კურსი BageBee-ის ტრენერებისა და სხვადასხვა მოწვეული ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. ტრენინგში მონაწილე მეფუტკრეებს აქვთ საშუალება გაეცნონ შემდეგ თემებს: ექსპორტი და რეგულაციები; სურსათის უვნებლობის სტანდარტები; ფუტკრის პროდუქტები: ფუტკრის რძისა და შხამის წარმოება, ფუტკრის მტვრისა და ჭეოს აღება თაფლის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტების წარმოება.

ტრენინგ-კურსის განმავლობაში, რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბერს დასრულდება, მონაწილეებს აქვთ საშუალება სიღრმისეულად შეეხონ ტრენინგის თითოეულ თემას, დისკუსიის ფორმატში მიიღონ მონაწილეობა და გაიზიარონ არსებული საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება.

BageBee-ის ცენტრში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა, აპითერაპიის კაბინეტი, ფუტკრის შხამის მიღების და ფუტკრის რძის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები აძლევს ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას ადგილზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი ბაზალეთში მდებარე ვლადიმერ ვარდოსანიძის საფუტკრე მეურნეობაში. მონაწილეებმა აქ განახორციელეს მეურნეობაზე დაკვირვება, ფუტკრის რძესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა.

მეფუტკრეებისათვის საპილოტე ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ გამიზნულია მსგავსი ტრენინგ-კურსის ჩატარება უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის. მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობის სურვილი დააფიქსირონ სპეციალური აპლიკაციით, რომელიც გავრცელდება ორგანიზაცია “People in Need“-ისა და BageBee-ის მეფუტკრეობის ფეისბუკგვერდების საშუალებით.

ცნობისთვის, მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით.

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საგანმანათლებლო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ბაგების მეფუტკრეობის ცენტრისთვის 3 სხვადასხვა დონის მოდული შეიქმნა. ეს მოდულები განკუთვნილია სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მეფუტკრეებისთვის რომ შეძლონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკის გაღრმავება და მეფუტკრეობის დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.