მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეგასპორტი: "კომპანიის მიუღებელი შემოსავალი თვეში დაახლოებით 400 000 ლარია"

5eccd8525bf08
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.20 13:20
2597
„კომპანიის მიუღებელი შემოსავალი თვეში დაახლოებით 400 000 ლარია“, - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალურმა წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ ვირუსის გავრცელების პირობებში ვერ მოახერხა ვერც ზამთრის კოლექციების ამოყიდვა და ვერც ახალი კოლექციების შემოტანა. ამასთან უმოქმედობის 2-თვიანმა პერიოდმა კომპანია გამოწვევების წინაშე დააყენა.

„ვირუსის გავრცელების შემდეგ ზამთრის პროდუქციის ბოლომდე რეალიზაცია ვერ მოხერხდა და არის მარაგებში სწორედ ეს კოლექცია გვაქვს დარჩენილი. გახსნის შემთხვევაში მოგვიწევს ამ პროდუქციის ფასდაკლებით გაყიდვა, რაც დიდ შემოსავალს არ მოგვცემს“, - ამბობს დავით ჩხეიძე.

„მეგასპორტის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანიამ ბრენდების ახალი სეზონური ტანსაცმლის ჩამოტანაც ვერ მოახერხა, რადგან მსოფლიოში პანდემიით შექმნილმა მდგომარეობამ პროცესების შეანელა, ან რიგ შემთხვევაში სრულად გააჩერა.

„ძალიან ბევრმა კომპანიამ ზაფხულის პროდუქცია ვერ ჩამოიტანა, ასე ვართ ჩვენც. თითქმის ყველა მაღაზიაში გვაქვს დარჩენილი ზამთრის კოლექციები, რომლებიც ფასდაკლებებზე რაღაც მიზერულ შემოსავალს შემოიტანს. მიზეზი იმისა, რატომ ვერ შემოვიტანეთ, არის კომპლექსური, საზღვარგარეთაც ჩაკეტილი იყო ყველაფერი; გარკვეული კომპანიების ლოგისტიკური სამსახურები მუშაობდნენ, თუმცა ფორვარდერებისთვის პროდუქციის ჩამოტანა ჭირდა, რადგან გზად ქვეყნები ჩაკეტილი იყო და ტრანსპორტირება იყო დაკავშირებული სირთულეებთან; ნულოვანი შემოსავლების პირობებში საბრუნავი საშუალებები არ გვქონდა და საჭირო თანხები აკუმულირება ვერ მოხერხდა. ეს ყველაფერი ერთად აღებული მნიშვნელოვან ტვირთად გვაწვება“, - ამბობს „მეგასპორტის“ დირექტორი.

დავით ჩხეიძე მთავრობას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების დროულად ამოქმედებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ამ სექტორის ეკონომიკური აქტივობის დროული განახლება იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ჩვენ უცებ შემოსავლები ვნახოთ, გახსნის შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ სურათს - რა ტენდენციებია ბაზარზე და რა პროგნოზები უნდა გავაკეთოთ და გადარჩენის რა სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ“, - უთხრა BM.GE-ს „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა.