07.აპრილი .2021 20:51

მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის "იმედის" კლინიკის 3 ექიმს ბრალი წარუდგინეს

მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის "იმედის" კლინიკის 3 ექიმს ბრალი წარუდგინეს
views 370
უკან

საქართველოს პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა