მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეგონა, უფრო ძვირად გაიყიდებოდა” - ენერგეტიკოსი “თელასის” აქციების გასხვისებაზე

5f592e0cbba37
თამთა ჯიჯავაძე
09.09.20 23:33
1380
მეგონა რომ ცოტა უფრო მაღალ ფასად გაიყიდებოდა ეს კომპანია, ნამდვილად არ ვფიქრობდი რომ თითქმის საწყის ფასად გაიყიდებოდა, – ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „თელასის“ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია ის ფაქტი, რომ „თელასის“ 24.5%-იანი წილი სახელმწიფოსგან საქართველოში დაფუძნებულმა კომპანიამ იყიდა.

„პირველი, რაც მესიამოვნა იყო ის, რომ ის ქართულმა კომპანიამ იყიდა, რაც კარგია იმიტომ რომ წმინდა მოგება დიდია თუ მცირეა, ქვეყნის გარეთ დაფუძნებულ კომპანიებს, ეს ყველაფერი ვალუტაში გააქვთ და გარკვეული პრობლემები ჩვენს ლარს ექმნება. გარდა ამისა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, თავად „ბესტ ენერჯი გრუპი“ საკმაოდ ბევრ კომპანიას ფლობს და მათთვის უცხო არ არის ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობა.

ის დადგენილება, როდესაც საუბარი იყო 5%-ზე მეტის აქციებს რომ ყიდი, აუცილებლად სემეკმა უნდა გადახედოს რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა დარგს, მემგონი დაცული იქნება და არ მგონია პრობლემები შეიქმნას. „ბესტ ენერჯი გრუპი“ არ არის ღვეზელების დამამზადებელი კომპანია, რომელიც ვერ შეძლებს „თელასის“ მართვას“, – განაცხადა გია არაბიძემ.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო აქციების გაყიდვისგან მიღებულ თანხას სხვა უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების ინვესტირებაში გამოიყენებს, არ იქნება ურიგო.

შეგახსენებთ, „თელასის“ 24.5%-იანი წილი დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელიც "კავკასუს ონალინის" მეწილეა, ამასთანავე, მას ეკუთვნის კომპანია "თბილისი ენერჯის" საკონტროლო პაკეტიც.

აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "ბესტ ენერჯი გრუპმა" მიიღო. საჯარო აუქციონში კომპანიის მინორიტარული წილის საწყისი ფასი $10.5 მილიონი იყო.

ცნობისთვის, სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა.