მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეგრული აჯიკის ამბიციები - რა არის საჭირო ინდუსტრიული წარმოებისთვის?

5e0b20874bd0c
დავით ჯალაღონია
03.01.20 10:35
3184
მცირე მეწარმე მაია კალანდია ზუგდიდში, მეუღლესთან ერთად, საოჯახო პირობებში აჯიკას აწარმოებს. მათი ბრენდის სახელია "უკეთესი".

როგორც მაია კალანდია BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, აჯიკისთვის ინგრენდიენტებს ასევე საოჯახო პირობებში ამზადებენ, რაც "უკეთესს" ინდუსტრიული წარმოებისგან გამოარჩევს.

"აჯიკა ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რადგანაც ამ შემადგენლობით, ძირითადად მხოლოდ სამეგრელოსა და აფხაზეთში იწარმოება. ეს არის ქართული სანელებელი, ოჯახში ვაწარმოებთ. აქ ყველაფერი ჩემი პროდუქტია, რასაც აჯიკისთვის ვიყენებთ, გარდა მარილისა. სულ ცხრა შემადგენლობის აჯიკას ვამზადებთ. აჯიკაში მთავარი ინგრენდიენტი ხარისხიანი, ცხარე წიწაკა და ნიორია, დანარჩენი უკვე შემოქმედების შედეგია", - გვიყვება მაია კალანდია.



"უკეთესი" ამ ეტაპზე თბილისის რამდენიმე რესტორანში, ასევე, რიგითი მომხმარებლებისთვის ინტერნეტ სივრცეშია წარმოდგენილი, ინდუსტრიული წარმოებისთვის კი, საოჯახო წარმოებას შესაბამისი ფინანსები სჭირდება.

"ეს ხელის ნაწარმია. რაღაც სხვა ენერგია აქვს იმას, რაც არა - ინდუსტრიული წესით, არამედ ხელით, სახლში მზადდება. ინდუსტრიულ ხაზზე რომ გადავიდე, ამისთვის ბიზნეს პარტნიორი და დიდი თანხა მჭირდება, მაგრამ მცირე წარმოების შენარჩუნება, როგორც ეს უცხოეთის ქვეყნებში არის, გაცილებით უფრო მიმზიდველია, რადგან როდესაც დიდ ინდუსტრიაზე გადახვალ, ამ გემოს ვერ შეინარჩუნებ, ეს შეუძლებელია", - მიიჩნევს მეწარმე.



მიუხედავად წარმოების მცირე მასშტაბებისა, მაია კალანდია ფიქრობს, რომ ქართულ აჯიკას ევროპული ბაზრების "დაპყრობა" შეუძლია.

"სამეგრელო ევროპაშია, აქედან დავიწყოთ. მე მყავდნენ ბიზნეს პარტნიორები, რომლებმაც ჩემი პროდუქტი, ჩემი რეცეპტით წაიღეს გერმანიაში, მიუნხენში. მოგეხსენებათ, ევროპაში არის ქვეყნები, სადაც ისეთივე ცხარე პროდუქტს მოიხმარენ, როგორსაც ჩვენ. ეს არის მაგალითად, იტალია, სადაც პესტო ფაქტიურად არის იგივე, რასაც ჩვენ ვამზადებთ, სხვადასხვა შემადგენლობით, ოღონდ განსხვავებული გემოთი. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ევროპის ბაზრის დაპყრობა. ამისთვის აუცილებელია უფრო ღია გავხდეთ და ბევრი საქმიანობაა ჩასატარებელი, თუნდაც სურსათის უვნებლობის მიმართულებით, რადგან დღეს ქართულ ბაზარზე არ იწარმოება სოფლის მეურნეობის პროდუქტი - წიწაკა, რომელიც არის ქართული. ქართული წიწაკის გარეშე აჯიკის წარმოება შეუძლებელია, რადგან გემოვნური თვისებებით ქართული წიწაკა სულ სხვაა, ვიდრე ინდოეთიდან, შუა აზიიდან შემოსული. ასევე, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მათ წიწაკის შემადგენლობას და ხარისხს. წიწაკა, რომელიც ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში მოდის, გემოვნური თვისებებით აბსოლუტურად განსხვავდება სხვა რეგიონში მოყვანილი წიწაკისგან", - ამბობს მაია კალანდია.

2020 წელს კალანდიების ბიზნესს ბაზრის გაფართოება და იმ შეკვეთების დაკმაყოფილება სურთ, რაც დღეისთვის აქვთ.