მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინე: ეკონომიკაში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას, ვაქცინაციის არარსებობა აფერხებს

602fd02e25558
ლიკა გურაბანიძე
19.02.21 22:48
742
“ქვეყანაში სიტუაცია უნდა გაჯანსაღდეს, რათა ბიზნესმა მომავლის დაგეგმვა შეძლოს” - ამის შესახებ მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

ბიტარიშვილის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყება დროულად უნდა მოხდეს, რათა ბიზნესი განვითარდეს.

“იმისათვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესი განვითარდეს, უიმედობის განცდა უნდა დასრულდეს, რათა ბიზნესმა განვითარება შეძლოს. მიმდინარე ცვლილებები საქმეზე კონცენტრირებაში ხელს ყველას უშლის, ბიზნესის კეთებას განწყობა სჭირდება და ასეთ ვითარებაში ეკონომიკური აქტივობის განხორციელება რთულია, რაც თავისთავად დასაქმებაზე და შემოსავლებზეც აისახება. ჩვენთან ჯერ ვაქცინაციაც არ დაწყებულა და უარყოფით განწყობებს ესეც ქმნის, რაც თავისთავად ბიზნესზე აისახება.

ვაქცინაციაზე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, რადგან მსოფლიოში ამ კრიზისიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეკონომიკაში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას, ქვეყანაში ვაქცინაციის არარსებობა აფერხებს. პანდემია შესაძლებლობად უნდა გამოგვექვეყნებინა და საქართველოში ინვესტიციები მოგვეზიდა, თუმცა ახლა რასაც ვხედავთ, მხოლოდ შიდა ინვესტიციებით არსებობა დღეს რთული იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესები დაიძრას, სხვა შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობების გააქტიურება ძალიან გართულდება. როდესაც ეკონომიკა სრულად გაიხსნება, აქ სტანდარტული მიდგომები აღარ იმუშავებს, რადგან ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ", - განაცხადა ბიტარიშვილმა.

მეღვინის განმარტებითვე, დღეს ბიზნესს მეტი თავისუფლება სჭირდება, რაც შესაძლოა საგადასახადო შეღავათებში გამოიხატოს. როგორც იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, ბიზნესში შექმნილ რთულ ვითარებას პანდემიის გარდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაც ართულებს.

“ჩვენ გუშინწინაც არ ვიყავით კარგ სიტუაციაში, თუმცა ახლა უარეს პოლიტიკურ ვითარებაში აღმოვჩნდით, ეს უნდა შეიცვალოს რათა ეკონომიკაში წინსვლის გარკვეული საფუძვლები გაჩნდეს.” - აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.