მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეებს დსთ-ის გარდა სხვა ქვეყნებში ღვინის მარკეტინგი 600,000 ლარით დაუფინანსდებათ

613a11578ca6b
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.21 20:00
774
ქართულ მეღვინეობებს სახელმწიფოსან 600,000 ლარამდე მოცულობის მარკეტინგული დაფინანსების მოზიდვა შეუძლიათ, რისთვისაც მათ მთავარი წინაპირობა აქვთ განსაზღვრული, ღვინის მარკეტინგი დსთ-ის ბაზრის გარდა სხვა ნებისმიერ ქვეყანაში უნდა ხორციელდებოდეს.

ახალი პროგრამის მეშვეობით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსეთსა და დსთ-ზე კონცენტრირებული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და $145 მილიონს (65 მლნ ბოთლს) მიაღწია, საიდანაც 39.5 მილიონი ბოთლი (60%) რუსეთის ბაზარზე გავიდა.

დსთ-ის სხვა ქვეყნების ჩათვლით კი ექსპორტის თითქმის 70% სწორედ ამ ბაზარზე არის კონცენტრირებული. დსთ-ის არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ღვინის ექსპორტის ტოპ 5-ში შედიან უკრაინა (7.4 მლნ ბოთლი 2021 წლის 8 თვეში), პოლონეთი (3.6 მლნ ბოთლი 2021 წლის 8 თვეში) და ჩინეთი (3.4 მლნ ბოთლი 2021 წლის 8 თვეში).

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, მეღვინეები მარკეტინგულ დაფინანსებას შემდეგ შემთხვევაში მიიღებენ:

"პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) ბენეფიციარი მოახდენს მეტი (ლიტრი) ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს;

ბ) ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გაწია წინა საანგარიშო პერიოდში.

თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარით," - ნათქვამია დადგენილებაში.

უფრო დეტალურად, პროგრამის პირობების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

სტატისტიკის თანახმად, 2016-2019 წლებში საქართველოს ღვინის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. თუკი წლის ბოლომდე ექსპორტის ზრდის არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ წელს ექსპორტი 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რეკორდული მოცულობის იქნება.