მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეჰმეთ მელექი: “ბეკოს” წარმოების ნაწილის საქართველოში გადმოტანა მუდმივად განხილვაშია

5fb7d0a8de910
ლიკა გურაბანიძე
20.11.20 22:21
1428

“ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად არის განხილვაში “ბეკოს” წარმოების ნაწილის საქართველოში გადმოტანა, თუმცა ამისთვის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა მნიშვნელოვანი”, - ამის შესახებ “ბეკო საქართველოს” წარმომადგენელმა საქართველოში მეჰმეთ მელექმა “საქმიან დილაში” განაცხადა. საუბრის თემა, მთავრობის მიერ დამტკიცებულ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა "FDI გრანტი" იყო, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

როგორც მელექმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა იმისათვის, რომ ბიზნესმა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს და კომუნალური გადასახადები გადაიხადოს, ამას მთავრობისგან თანადაფინანსება დასჭირდება.

“საქართველო თურქეთის კარგი ეკონომიკური პარტნიორია. ამას გარდა საქართველოში ბოლო პერიოდში ბიზნესის კეთების პირობები გამარტივდა. ასევე, საქართველოს თურქეთსა და კავკასიას შორის სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ამიტომ საქართველოდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსპორტი შესაძლებელია”, - განაცხადა მელექმა.

შეგახსენებთ, პოტენციური ინვესტორების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვე შეადგენს.