მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელიქიშვილზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას 6 თვე არ დასჭირდება - მერის მოადგილე

628ded2930b75
მარიამ ვარადაშვილი
25.05.22 13:00
645
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, მელიქიშვილის ქუჩაზე მოძრაობა 6 თვით ჩაკეტილი არ იქნება და ეს ვადა მერიამ სრული რეაბილიტაციის დასრულებისთვის განსაზღვრა.

ასე უპასუხა ბენდელიანმა ჟურნალისტის კითხვას - რატომ სჭირდება მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ნახევარი წელი.

“სრულ რეაბილიტაციაში ვგულისხმობთ ყველანაირი კომუნიკაციის შეცვლას, რაც თავის მხრივ, მოიცავს არა მხოლოდ მერიის კონტრაქტორის, არამედ ყველა პროვაიდერი კომპანიის ჩართულობას. სწორედ ამიტომ არის ეს ვადა განსაზღვრული. ამ დროში არ იგულისხმება, რომ ექვსი თვით იქნება ამ ქუჩაზე მოძრაობა ჩაკეტილი. ეს ვადა გვაქვს აღებული იმისთვის, რომ რეაბილიტაცია სრულად დასრულდეს. ვგეგმავთ ამ ქუჩაზე მოძრაობა გაცილებით ადრე აღდგეს. იცით, რომ მიწისქვეშა ურნები, ახალი გარე განათების ბოძები უნდა დამონტაჟდეს, ესენი საავტომობილო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. შესაბამისად, სამანქანე მოძრაობას უფრო ადრე გავხნით, თუმცა იმისთვის, რომ კონკრეტულ პროექტს დასრულებული ვუწოდოთ, ამისთვის 6 თვე გვჭირდება”, - აცხადებს ბენდელიანი.

ბენდელიანი ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რა პერიოდში გაიხსნება ტრანსპორტისთვის მელიქიშვილის ქუჩა, თუმცა დასძენს, რომ მათი სურვილია, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. 

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის მერმა 18 მაისს დააანონსა. კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი.

გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.