მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (2021)

61f7f86ac1973
ეგნატე შამუგია
01.02.22 09:45
3920
პანდემიის პირველი წელი კავკასიის ეკონომიკებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. თუკი გლობალურად ქვეყნები „დიდი ჩაკეტვის“ ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს განიცდიდნენ, აღნიშნულს კავკასიაში რიგი უარყოფითი ფაქტორები დაემატა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი და დღემდე სასაზღვრო პერიმეტრში პერმანენტული ინციდენტები. თუკი აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა ომის შემდეგ შიდა პოზიციები გაიუმჯობესა, სომხეთში ომის მძიმე შედეგები პოლიტიკური კრიზისი მიზეზი გახდა, რომელსაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა, თუმცა არჩევნები პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი დიდად არ აღმოჩნდა. საქართველოში კი პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი თავად არჩევნები გახდა. თავის მხრივ, პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკურ გარემოს აუარესებს და აქტივობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. საქართველო და სომხეთისთვის ამ მხრივ მდგომარეობა არც გასულ წელს იყო ბევრად უკეთესი, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავ მაღალ ნიშნულებზე იყო. საქართველო კი ახალ 2022 წელსაც მეტად დაძაბული და პოლარიზებული გარემოს პირობებში შეხვდა.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში ეკონომიკის აღდგენის ტემპი დაიწყო, თუმცა არც თუ ისე სახარბიელოდ. საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკის აღდგენა შედარებით მაღალი დინამიკის აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. წლის მანძილზე გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზი მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნდათ, რომელიც წლის ბოლო გამართლდა. წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 3.1%-ით მეტია. აღნიშნული კი ადგილობრივ პროგნოზებსაც აღემატება, რადგან მთავრობის და ცენტრალური ბანკის ვარაუდით ეს მაჩვენებლები 2.5% და 2.1% -ები იყო. გასულ წელს ეკონომიკის აღდგენაში გამოკვეთილი წვლილი მოხმარებას გააჩნდა, რომელიც, თავის მხრივ, პანდემიის გამო დაგროვილ მოთხოვნას და საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას უკავშირდება.

შედარებით განსხვავებული და მეტად არასახარბიელო აღდგენის ტემპია სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ უკანასკნელში, არსებული მონაცემებით, 2021 წელს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. შედეგად, გასულ წელის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით აღემატება. სომხეთში კი ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩება, რადგან გასულ წელს ეკონომიკის ზრდამ მხოლოდ 5.8% შეადგინა, როცა პანდემიის პირველ წელს კლება 7.4% იყო. აღნიშნულით კი სომხეთი რეგიონში გამორჩეულია, რადგან 2020 წელს ყველაზე მეტით სწორედ ეს უკანასკნელი დაზარალდა. მიზეზი არამხოლოდ პანდემია, არამედ ზემოთ ხსენებული ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა იყო. ამ პერიოდში აზერბაიჯანის ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იყო, რადგან მხოლოდ 4.3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურითაა განპირობებული. კერძოდ, აზერბაიჯანის ეკონომიკაში მომსახურება და განსაკუთრებით ტურიზმი, განსხვავებით საქართველო და სომხეთისა, დომინანტური არ არის. მთავრობებს მიერ დაწესებული შეზღუდვების კი პირდაპირ მომსახურების სექტორებს შეეხო.

გასული წლის მანძილზე ეკონომიკის მკვეთრი აღდგენის პერიოდი მეორე კვარტალს უკავშირდებოდა, რადგან ამ პერიოდში ზრდის მაჩვენებელმა 28.9% შეადგინა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 11.9%-იანი ზრდაა. მესამე და მეოთხე კვარტალების ზრდა კი - 9.1% და 9.5%-ები იყო, რაც პანდემიამდე პერიოდის ანალოგიური კვარტალების ეკონომიკის მოცულობას 3.0% და 2.4%-ებით აჭარბებს. უშუალოდ წლის ბოლო, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 9.6% შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.9%-იანი მატებაა. ამდენად, წლის ბოლოსკენ ეკონომიკის აღდგენის ტემპი შედარებით დაბალი იყო, ვიდრე წინა თვეებში. სომხეთში კი პირიქით, წლის ბოლოს აღდგენის პროცესი შედარებით დაჩქარდა. მაგალითად, ოქტომბერში ზრდა 4.0% იყო, როცა 2020 წლის ამავე თვეს კლება 9.3%-ს აღწევდა. ამდენად, ოქტომბერში ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულს 5.7%-ით ჩამორჩებოდა, რაც უკვე ნოემბერსა და დეკემბერში 1.3% და 0.2%-ით აღემატებოდა. გასული წლის დეკემბერში სომხეთის ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა. საბოლოოდ წლის მანძილზე სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5.8%-ია, მაგრამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს ეკონომიკის დონე 2.0%-ით კვლავ ჩამორჩება. გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 1.1%-იანი ზრდაა. ამ პერიოდში ზრდის. ამ პერიოდში ზრდის უფრო მაღალი ნიშნული ნავთობის და გაზის ინდუსტრიის მიღმაა, სადაც ზრდის მაჩვენებელი 7.2%-ია. 2020 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა ნავთობის და გაზის ინდუსტრიის გარეშე 2.6%-ით იყო შემცირებული.

საერთო ჯამში, ეკონომიკის აღდგენის ტემპით საქართველო შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი. 2021 წლისთვის საქართველოში რეალური ეკონომიკის მოცულობამ პანდემიამდე ნიშნულს 3.1%-ით გადააჭარბა, რაც აზერბაიჯანის შემთხვევაში 1.1%-ია, თუმცა სომხეთში წლის ბოლოსთვის ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩება. მიმდინარე წლისთვის კი პროგნოზები შედარებით დაბალია, რომელიც მაღალი განუსაზღვრელობის პირობებშია მომზადებული. აღნიშნულის მიზეზი კი „ომიკრონის“ გამოჩენა და ეპიდსიტუაციაა. მეორე მხრივ, რეგიონის მდგომარეობას მეტად არასასურველს ხდის უკრაინის საზღვრებთან განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მოლოდინი. ამ პირობებში, მსოფლიო ბანკის იანვრის პროგნოზით, 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო სომხეთის კი - 4.8%. აღნიშნულ პერიოდში, შედარებით დაბალი 3.1%-იანი ზრდაა აზერბაიჯანში ნავარაუდევი.