მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორადი სათამაშოების მაღაზიების მიმართვა თურნავას უწყებას: "მე-6 თვეა ბედის ანაბარა ვართ"

5e259cda1593f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.20 16:30
2882
„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ რეგლამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მეორადი სათამაშოების მაღაზიები - „პილთონი“, „ნოეს კიდობანი“, „სანიტო“, „ბანანა“, „ბემბი“, „მადაგასკარი“, „ტაკ-ტაკ“, „ვუდი“, „Tatia’s Toys“, „ბონი/ბონი“ და „ჩიპი და დეილი“ეკონომიკის სამინისტროს კითხვებით მიმართავენ.

BM.GE მეორადი სათამაშოების მაღაზიების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ეს არის ძირითადი კითხვები, რაც მეორად სათამაშოებზე არის ღიად და ვერ ვიგებთ ვერც პასუხებს, ვერც პოზიციას, არადა ვარსებობთ და მომხმარებლების ძალიან მზარდ ნაწილზე. უკვე მე-6 თვეა ბედის ამარად ვართ და ამის გამო ვერ ვვითარდებით, გეგმაში გვქონდა გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა, მაგრამ ამ გაუგებრობამ ყველაფერი გაყინა. ვითხოვთ, მეტ კომუნიკაციას ეკონომიკის სამინისტროსთან:

• რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ მეორადი სათამაშო, რომელიც ამერიკიდან შემოდის და იქაური ბაზრის რეგულაციები უკვე გავლილი აქვს?

• რატომ არ სურს ეკონომიკის სამინისტროს შინაარსობრივად აღასრულოს რეგულაცია და ნებისმიერ დროს შეამოწმოს სათამაშოს უსაფრთხოება?

• ფიზიკურად როგორ უნდა უზრუნველვყოთ ანოტაციის დატანა თითოეულ სათამაშოზე, რომლებიც არ არის მოთავსებული ყუთში? (მეორადი)

• იზრუნებს თუ არა სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნაზე, რომელიც შეამოწმებს სათამაშოების უსაფთხოების სტანდარტს

• ვინ შეიძლება იყოს ინიციატორი საბაჟოზე ჩვენი ტვირთის გაჩერების? 

• თუ ტვირთი გაჩერდება საბაჟოზე და მის შემოწმებას თვეები დასჭირდება და აღმოჩნდება რომ უსაფრთხოა, ვინ აანაზღაურებს ზარალს?

მეორადი სათამაშოების მაღაზიების კონსოლიდირებული პოზიცია არის ძალიან მარტივი: სათამაშოები, რომელიც შემოგვაქვს და ვყიდით არის ამერიკიდან, არის მხოლოდ ბრენდული წარმოების,  რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა, არის ყველაზე მაღალი ხარისხის სტანდარტებით, რაც კი არსებობს, უბრალოდ ამის დოკუმენტირებას ვერ ვახდენთ მწარმოებლისგან, იმიტომ რომ მეორადია და რა შეიძლება რომ გავაკეთოთ?“, - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის: „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ რეგლამენტი, რომელიც მთავრობამ 17 იანვრის სხდომაზე მოიწონა, ჯერ საჯარო არაა, მაგრამ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე რატი ობოლაძემ BM.ge-ის განუცხადა, რომ რეგლამენტს, ჯერჯერობით, რეკომენდაციული ხასიათი ექნება.

„იმისათვის, რომ ქართულმა ბიზნესმა ახალ მოთხოვნებთან ადაპტირება შეძლოს, ეკონომიკური ოპერატორებისთვის საშეღავათო პერიოდი განისაზღვრა. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ის 2021 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. იქამდე კი, ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაიცემა რეკომენდაციები. გარდამავალი პერიოდი მნიშვნელოვანია იმ მიზნით, რომ ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი მზად არ არის, გადავიდეს ევროპულ მოთხოვნებზე“, - აღნიშნა რატი ობოლაძემ.

bm.ge ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.