მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეოთხე წელია, ქარის სადგურის პროექტი "იმერეთი 1" სამშენებლო ეტაპზე ვერ გადადის

61af74720ede3
დავით ჯალაღონია
07.12.21 22:22
2979
ქართულ-ავსტრიული კომპანია "უსასრულო ენერგია" საჩხერეში ქარის ელექტროსადგურის პროექტს - "იმერეთი 1" ახორციელებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატია.

როგორც კომპანიის დირექტორმა თორნიკე ბახტურიძემ BMG-ს განუცხადა, 2017 წლის ზაფხულში პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადასასვლელად მზად იყო, თუმცა მთავრობასთან ელექტროენერგიის ტარიფზე შეუთანხმებლობის გამო, წინ ვერ წავიდა. მხარდაჭერის მექანიზმი, რასაც მთავრობა განახლებადი ენერგიების პროექტების დეველოპერებს სთავაზობს, ინვესტორისთვის მისაღები არ არის.

"2017 წლის აგვისტოსთვის ჩვენმა ქარის სადგურმა მიაღწია იმ სიმწიფეს, როცა მზად ვიყავით გაგვეფორმებინა საბოლოო ხელშეკრულება და დაგვეწყო მშენებლობა 100 მეგავატი სიმძლავრის ოდენობით, თუმცა ტარიფისა და მხარდამჭერი მექანიზმის არარსებობამ, გარკვეული პერიოდი ეს შეუძლებელი გახადა.

გარკვეული დროის შემდეგ, გასულ წელს დამტკიცდა 1.5-ცენტიანი დანამატი, რომელიც არასწორად ინტერპრეტირდება, როგორც 5.5-ცენტიანი ტარიფი. ეს არ არის გარანტირებული, რომ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელ.ენერგიის ფასი 5.5 ცენტი იქნება ყოველთვის. ის ფასი, რომელსაც ენერგიის გამყიდველი მიიღებს, შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, არაუმეტეს 5.5 ცენტისა. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულია ახალი ელექტრონული ბირჟის გაშვებაზე, რომელიც სანდოობის თვალსაზრისით საჭიროებს, თავი გამოცადოს ოპერირებაში და წარმატებული ოპერირების რამდენიმეწლიანი პრაქტიკა აჩვენოს.

ასეთი მაგალითებია ყველგან - ევროპაში, დასავლეთში, თურქეთშიც, სადაც ჯერ ბაზრები დაფუძნდა, ექსპლუატაციაში გაეშვა და ის პირობები, რაც ბაზრის გაშვებამდე იყო, 5-10 წლის განმავლობაში ძალაში დარჩა. მხედველობაში მაქვს გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი, რაც საკმაოდ კომფორტული პირობაა ინვესტორისთვის. მხოლოდ ბაზრის ოპერირების პრაქტიკის დაგროვების შემდეგ მოახერხა სექტორმა, გადასულიყო ბაზარზე მიბმული მხარდაჭერის მექანიზმებით პროექტების განხორციელებაზე.

ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახერხებთ სამშენებლო სტადიაზე გადასვლას, როგორც კი გავაფორმებთ მთავრობასთან ხელშეკრულებას ტარიფთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთან, ისე სექტორისთვის, ჯერჯერობით, დამტკიცებული არ არის ის ტარიფი, რაც ინვესტორისთვის მისაღებია", - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ და დასძინა, რომ კონტრაქტის სამუშაო ვერსია შეთანხმებულია და კომპანია მხოლოდ სატარიფო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

თავის მხრივ, პროექტის მენეჯერი გარანტირებული ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, ისეთ ცვალებად საინვესტიციო გარემოში, როგორიც საქართველოშია, ინვესტორები მყარ გარანტიებს ითხოვენ.

"მთავარი კონტრარგუმენტი (მთავრობისა და სავალუტო ფონდის მხრიდან) გარანტირებული შესყიდვის წინააღმდეგ არის ის, რომ ტარიფი წარმოშობს დამატებით ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, თუმცა ეს სრულყოფილად სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საუბარია მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ფასის გარანტირებაზე, ხოლო ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ფასი ყოველთვის მაღალია და ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა ზამთრის პერიოდში. შესაბამისად, გარანტირებული შესყიდვის სქემის არსებობა ემსახურება პროექტებისთვის განხორციელებადობის მინიჭებას.

ცვალებად გარემოში თანხის დაბანდება ძალიან რთულია. ხშირად შედარებას ვაკეთებთ, რომ ახალ დაბადებული ბავშვისგან მარათონის მოგების მოლოდინს ჰგავს ჯერ კიდევ გაუხსნელ ბაზარზე იმედების დამყარება. ჯერ აუცილებელია ბაზარი გაიხსნას, ვნახოთ როგორი ფასები დაფიქსირდება, ხოლო რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება გარანტირებული შესყიდვის გარეთ ვისაუბროთ მხარდაჭერის მექანიზმზე", - აღნიშნა თორნიკე ბახტურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარის მხოლოდ ერთი ელექტროსადგური მოქმედებს. ქართლის ქარის სადგური გორში მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია. ამ ობიექტის მიერ გამოშვებულ 1 კვტ/სთ ელენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით, 6.89 ცენტად ყიდულობს.

ქართლის ქარის ელექტროსადგური 2019 წელს გაიყიდა. პრივატიზების შედეგად, ელექტროსადგური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში არსებული კომპანია გახდა.

რაც შეეხება ქარისა და მზის ენერგიების პოტენციალს საქართველოში, სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ამ მხრივ 20 ელექტროსადგურის პოტენციალი არის შეფასებული. ამ სადგურების მშენებლობა პირობითად მომდევნო 10 წლის განმავლობაში არის განსაზღვრული.