მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერაბ ჭითანავა: Ferrero-ში 10-წლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, თავისუფალი კონსულტანტი გავხდე

5d31cb5900f33
BM.GE
19.07.19 17:20
8207
მსოფლიო ბაზარზე კარგად ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი ბრენდის ფერეროს (Ferrero S.P.A) თხილის შესყიდვების უფროსი საქართველოსა და აზერბაიჯანში მერაბ ჭითანავა თავისუფალი ბიზნეს კონსულტანტი ხდება. აგრო სფეროსა და ბიზნესში დაგროვილ გამოცდილებას ის ახლა უკვე სხვა კომპანიებს გაუზიარებს.

ფერეროში საქმიანობის პარალელურად, მერაბი უკვე სამი წელია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარის პოზიციას იკავებს და სულ ახლახანს ამავე თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს, როგორც ფერმერი და ასოციაციის წევრი.

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კი, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე "თხილის ექსპერტსაც" ხშირად უწოდებენ.

- მეთხილე ფერმერებს მნიშვნელოვანი პერიოდი აქვთ, ზუსტად ახლა მე-5 და მე-6 წამლობებს ატარებენ ბაღებში. თქვენთან კი, როგორც ჩანს, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეებია. წამოხვედით ფერეროდან, მაგრამ აგრძელებთ ასოციაციაში?

– თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტი კულმინაციურ ფაზაში შედის და ახლა, როდესაც თხილმა ნაყოფი გამოიტანა და ბაღებში ფაროსანაც გამოჩნდა, უფრო მეტია სამუშაო ფერმერების მხრიდან. ასოციაციაშიც მუდმივად სამუშაო შეხვედრები და ანგარიშებების წარდგენის პროცესია, რადგან ფინალურ ფაზაში გავდივართ. ზოგადად პროექტს წარმატებულად ვაფასებ, რადგან 15 000-მდე ფერმერი ჩაერთო და ეს წინასწარ განსაზღვრულზე ბევრად მეტია, თუმცა შედეგებზე ვერ ვისაუბრებ მანამ, სანამ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს არ მივიღებთ.

ახლახანს მეორედ ამირჩიეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარედ და კვლავ უშუალოდ ვარ ჩართული ყველა პროცესში.

- აზიური ფაროსანას თითქმის ყველა კულტურა დააზიანა. რა ვითარება და პერსპექტივაა თხილთან დაკავშირებით?

– თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი მიზანი ისაა, რომ საქართველო თხილის წარმოებაში კვლავ დაწინაურდეს და მსოფლიო თხილის ბაზარზე მისი ისტორიული ადგილი დაიბრუნოს. ჩვენ გვაქვს პერსპექტივა გავაორმაგოთ საექსპორტო მაჩვენებელი თხილის სფეროში. მართალია, ფაროსანამ ბოლო 3 წელიწადში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თხილს. ასოციაციის, ჩვენი პარტნიორებისა და უშუალოდ ფერმერების ერთობლივი მუშაობით, ვფიქრობ, დასახული გეგმის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

- როგორც ცნობილია, არ მიდიხართ კონკურენტ საერთაშორისო კომპანიაში, არც - ადგილობრივში. უკვე იცით თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პარალელურად, რომელ ბიზნესებში გააგრძელებთ საქმიანობას?

– ჩემი კარიერა და ბიზნესსაქმიანობა მთლიანად, 10 წლის განმავლობაში აგრო სფეროს უკავშირდებოდა. მართალია, ბოლო წლებია ჩემი ძირითადი ფოკუსი თხილზეა, რაც ფაროსანასთან დაკავშირებულმა საფრთხეებმაც განაპირობა, თუმცა ჩემი ბიზნესსაქმიანობის სფერო ზოგადად იყო ხილის წარმოება/მრეწველობა, აგრო ინდუსტრია და საერთოდ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული გამოწვევები, საკმაოდ საინტერესო პროექტები განვახორციელე საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. ამიტომ ამ ეტაპზე ისევ ვაგრძელებ აგრო სფეროში კომპანიების დახმარებას, თუმცა არა რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე, არამედ ბიზნეს კონსულტანტის რანგში.