მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერი აალებადი მასალების და საბურავების რეალიზატორებს აფრთხილებს - "კანონის აღსრულება იქნება მკაცრი"

5efc3b67bf074
ინგა მურუსიძე
01.07.20 11:32
1115
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში აალებადი ნივთიერებების, საბურავების და სამშენებლო მასალების რეალიზატორებს 2021 წლის 1 იანვრამდე აქვთ ვადა იმისთვის, რომ კანონის ფარგლებში მოექცნენ, ვინაიდან სწორედ ამ დროიდან კანონის აღსრულება დაიწყება.

„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება ქალაქში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პანდემიის პირობებში, როცა საკომენდანტო საათი იყო გამოცხადებული, ჰაერის დასუფთავებამ აშკარა გაუმჯობესება აჩვენა. ეს პრობლემა უნდა მოიხსნას. ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორებია ტრანსპორტი, ამტვერებადი მასალების უსისტემო მიმოქცევა ქალაქში და გასულ წელს ამ საკითხის მოსაგვარებლად მივიღეთ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. საკითხი ეხება აალებად ნივთიერებებს, ასევე სამშენებლო მასალებს, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში უსისტემოდ არის განთავსებული აღნიშნული ობიექტები, რაც სერიოზული პრობლემაა კორპუსებისთვის, ადამიანებისთვის“, - განაცხადა კალაძემ და განსაკუთრებით გამოყო ელიავას ბაზრობის ტერიტორია, სადაც როგორც მერი ამბობს, პირდაპირ, ღია წესით ხდება სამშენებლო მასალების გაყიდვა.

„საბურავები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში აქვთ შენახული. ღმერთმა დაიფაროს და იქ რამე რომ მოხდეს, ეს იქნება სრული კატასტროფა და ძალიან დიდი უბედურება. აალებადი ნივთიერებების საკითხიც ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ მიმართულებას, რომ სწორად იმოქმედოს. კანონი ძალაშია, საკრებულომ უკვე დაამტკიცა რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს გაყიდვა აალებადი ნივთიერებების, საბურავების და სამშენებლო მასალების“, - თქვა მერმა.

კალაძის თქმითვე, კანონი უკვე ძალაშია და მისი აღსრულება 2021 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.

„ჩვენ გვინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ჰქონდეთ დრო იმისთვის, რომ კანონის აღსრულებამდე  კარგად მოემზადონ“, - ამბობს კალაძე.

თბილისის მერმა თავის მოადგილეებს, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს დაავალა ბიზნეს ოპერატორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა მათ მოახერხონ ჩარჩოებში მოქცევა, ვინაიდან „კანონის აღსრულება იქნება მკაცრი“.