05.ნოემბერი .2019 14:53

მერი "სატრანსპორტო რეფორმის“ კრიტიკოსებს პასუხობს: მოცდის დრო არ გვაქვს, 25 წელი ვიცდიდით

views 398
უკან

„არა მეგობრებო და არა! ჩვენ მოცდის დრო არ გვაქვს,“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე კრიტიკას იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო რეფორმა (მეტრო, ავტობუსი, ტაქსი) ერთდროულად არ უნდა განხორციელებულიყო.  

კალაძის განცხადებითვე, ყველა ის ნაბიჯი და პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს საერთო ჯამში შედეგს დადებს.

„ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკას კრიტიკოსები და ოპონენტები ჰყავს, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაცია ყველა რეფორმაზე ყოველთვის მივაწოდოთ.

ჩვენ ყველა პროექტზე კრიტიკის თვალსაზრისით ვისმენთ, რა დროს ეს იყო? მოგვეცადა, ჯერ ერთი გაგვეკეთებინა შემდეგ მეორე... არა მეგობრებო და არა! იმიტომ, რომ ჩვენ მოცდის დრო არ გვაქვს. ჩვენ საზოგადოებამ იმისთვის აგვირჩია, რომ განვახორციელოთ რეფორმები, ქალაქში არსებული პრობლემები მოვაწესრიგოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისს და თბილისელებს აწუხებს.

ჩვენ 25 წელი ვიცდიდით და მგონი არავის მოგვწონს ის, რაც დედაქალაქში ხდება და რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.