მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მეწყრულ ზონაში გასატარებელ ღონისძიებებს მოკვლევის შედეგად განსაზღვრავს

6053624864db3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 18:37
795
თბილისის მერია მეწყრულ ზონაში გასატარებელ ღონისძიებებს მოკვლევის შედეგად განსაზღვრავს - აღნიშნული განცხადება თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, კვლევა რამდენიმე დღეში დასრულდება და ცნობილი გახდება, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ირაკლი ბენდელიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისის მერია იყო პირველი, ვინც გაავრცელა განცხადება მეწყრული პროცესის შესახებ და დაიწყო სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელთა მიხედვით პირველი განცხადება 15 მარტს გავრცელდა.

„პირველ რიგში, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები არის გასატარებელი.

თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო“, - განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება.

„თქვენ იცით, რომ შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ასევე მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტებიც შემოგვიერთდებიან და როგორც აქამდე, ყველა ეტაპზე მოსახლეობა იქნება სრულად ინფორმირებული.

მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. აქვე მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ საუბარია აბსოლუტურად სხვადასხვა ტერიტორიაზე.

დღეს რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ დოკუმენტს, რომელიც, მათი თქმით, ექსკლუზიურად მოიპოვეს. რეალურად აღნიშნული დოკუმენტი არის საჯარო და წარმოადგენს ხელშეკრულების თანამდევ ნაწილს. დოკუმენტი შეეხება იმ სამუშაოებს, რომლებიც მაჭავარიანი-გელოვანის გზას უკავშირდება და არა ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს.

ყველა უწყება აგრძელებს მუშაობას, როგორც ნახეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მას თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ესწრებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად პერიოდულად მოგაწვდით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას“, - განაცხადა ბენდელიანმა.