02.ოქტომბერი .2019 15:00

მერია ტაქსებისთვის 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას არ აპირებს

views 371
უკან

"ტაქსის მძღოლებისთვის 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების გადავადებას არ ვაპირებთ"-
ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც 1 ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვენ.

ხმალაძის განცხადებით, არც რეფორმის გადავადება და არც ჯარიმების გაუქმება არ განიხილება და იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლები რეგულაციის დარღვევით განახორციელებენ ტაქსით მომსახურების სერვისს, კვლავ დაჯარიმდებიან.

"სხვანაირად გამიკვირდებოდა კიდევაც, სხვა რამ რომ ეთქვათ. რასაკვირველია, ამას მოითხოვს ოპოზიცია. რაც კარგი კეთდება, ეს მათ არ ახარებთ და რატომღაც არ უნდათ გაიგონ- რა არის კარგი ქალაქისთვის. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, გავატაროთ ის რეფორმები, რომლებიც გაზრდის და აამაღლებს სტანდარტს ქალაქში როგორც მუნიციპალური სერვისების, ასევე ყველა იმ სერვისის, რითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ.

რასაკვირველია, არაფრის გადავადებას არ ვაპირებთ, დადგა უკვე პირველი ოქტომბერი. ჯარიმები ულიცენზიო „ტაქსაობაზე“ აქამდეც იწერებოდა. თუ იქნება ფაქტები, ამის შემდეგაც დაიწერება. ყველა ადამიანი, ვინც ტაქსის მომსახურებას წევდა, იყო გაფრთხილებული, რომ 1-ელი ოქტომბრიდან კატეგორიზებული ნებართვით უნდა გაეწია მომსახურება.

ჩვენ რომ არ გაგვეფრთხილებინა ეს ხალხი და ისე დაეწერა პატრულს ჯარიმა, ლეგიტიმური იქნებოდა მოთხოვნა გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მოსდიოდათ სმს-ები და ვაფრთხილებდით აეღოთ ვაუჩერები და გადაეთეთრებინათ მანქანები.  თუ ამის მიუხედავად ადამიანმა მაინც გადაწყვიტა, დაარღვიოს რეგულაცია, ამ შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერება.

არც განხილულა რაიმე ფორმით ჯარიმის ჩამოწერა. მეტიც, თუ მომდევნო დღეების განმავლობაში ექნება ადგილი დარღვევებს, მოყვება შესაბამისი რეაგირება"- განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა