მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისობაზე 3 მილიონ ლარს დახარჯავს

630f04f55ddc1
BM.GE
31.08.22 10:46
816
თბილისის მერია 2022 წლის თბილისობაზე გამარტივებული წესით 3 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. განაცხადის თანახმად, თბილისობა 1 და 2 ოქტომბერს გაიმართება. 

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავად და დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. 2022 წლის 1 და 2 ოქტომბერს, განახლებულ ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება, რომლებიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი.

ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები: თბილისის დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, სტენდი "თბილისის განვითარების ისტორია", სცენის დეკორაციები, მოცულობითი თაღი, მოცულობითი ლოგო - "თბილისობა 2022", ინსტალაცია - "საპატიო თბილისელები", მოსასვენებელი სივრცეები, კაფე "ქიმერიონი", ინსტალაცია - "მთაწმინდის მთვარე", ინსტალაცია - "მოცულობითი გაზეთი" და სხვა. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა "თბილისური უბანი ათონელზე", რომელიც ულამაზესი ყვავილებით და შემოდგომის ნობათით განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის იქ მისულ სტუმრებს.

რიყის პარკში გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები, ღია კინოთეატრი კულტურული და სპორტული აქტივობები, თემატური ინსტალაციები. განთავსდება დეკორირებული სცენა, რომელზეც ორი დღის განმავლობაში საბავშვო ანსამბლების და ბენდების კონცერტები ჩატარდება.

სახალხო დღესასწაულის ლოკაციად, წელს პირველად იქნება გამოყენებული გუდიაშვილის მოედანი, სკვერის შუაგულში განთავსდება ღია - „თბილისური კაფე“, ორი დღის განმავლობაში ცნობილი მზარეულები საავტორო კერძებსა და დესერტებს შესთავაზებენ ლოკაციაზე მისულ სტუმრებს, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროგრამა, განთავსდება სხვადასხვა ტიპის ინსტალაციები.

ლეღვთახევის ტერიტორია მიეძღვნება ქალაქ თბილისის მეხოტბეებს (პოეტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს), ლოკაციაზე მისულ სტუმრებს დახვდებათ თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი ინსტალაციები, დეკორაციებით გაფორმებული ხეობა, მსახიობების მიერ შესრულებული პერფომანსები და სხვა.

1 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. თბილისობა 2 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტით დასრულდება,"-ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.