22.ივლისი .2020 11:40

მერია თბილისში პრესის ჯიხურებს ადგილებს გამოუყოფს, მაგრამ გარკვეული პირობით

views 418
უკან

"პრესის ჯიხურებისთვის ადგილები გამოიყოფა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ჯიხურებში „კოკა-კოლა და „სნიკერსი“ გაიყიდოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, პრესის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების განსათავსებლად კონკრეტული ადგილები გამოიყოფა და დედაქალაქის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს დაამტკიცებს. შესაბამისი დავალება ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ უკვე მიიღო. 

„ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პრუდუქციით ვაჭრობენ. იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი და ვიზუალი აუცილებლად იქნება შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩვენი ქალაქის ურბანიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ აუქციონის გამოსაცხადებლად მზადება დაიწყოთ და ამ მიმართულების განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსგავს ჯიხურებს მხოლოდ და მხოლოდ პრესის მიმართულებით მუშაობა მოუწევთ. დაამუშავეთ, განსაზღვრეთ კონკრეტული ადგილები და აუქციონი გამოაცხადეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.