მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ტურიზმის ხელშეწყობისთვის აქტიურად მუშაობს - ანდრია ბასილაია

6149e50ddb5f7
ინგა მურუსიძე
21.09.21 18:14
601
ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად, თბილისის მერიის და Nordic Tourism Collective-ის ორგანიზებით, ონლაინ B2B ღონისძიება გაიმართა.

როგორც BM.GE-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება ორ ნაწილად იყო დაყოფილი და პირველი ნაწილი თბილისის და საქართველოს შესახებ პრეზენტაციების წარდგენას მოიცავდა. B2B ღონისძიების მეორე ნაწილი სრულად დაეთმო ქართული და სკანდინავიის ქვეყნების 60-მდე სასტუმროს, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების ურთიერთწარდგენას და მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„ტურიზმი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. შესაბამისად, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისათვის. Nordic Tourism Collective-თან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს კერძო სექტორს გავუმარტივოთ პარტნიორების მოძიების პროცესი და წვდომა გვქონდეს ევროპის წამყვანი ტურისტული ასოციაციის ETOA-ს წევრებთან.

პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია კერძო სექტორისათვის ასეთი პლატფორმების შეთავაზება, რაც დაეხმარება მათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნების ტურისტულ ორგანიზაციებთან და აითვისონ ახალი სამიზნე ბაზრები“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, Nordic Tourism Collective - სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანება არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წევრ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა; ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება; ვორქშოფების, ბ2ბ შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების ჩატარება.

„სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების“ წევრები არიან ქალაქები და ორგანიზაციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია, გრენლანდია და ა.შ.