მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია უკვე დასრულებულ, მაგრამ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას გამოაცხადებს

5d09eb4e2a822
ლიკა გურაბანიძე
19.06.19 11:57
1467
2019 წლის 11 მაისის მდგომარეობით, დარღვევებით განხორციელებულ 600-ზე მეტ მშენებლობას ამნისტია შეეხება და ის ექსპლუატაციაში შევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ ეს ახალი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

„არის დასრულებული და ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლების საკითხი. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ძალიან ბევრია ქალაქში და მასში მოსახლეობა ჩვეულებრივად ცხოვრობს. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ შენობებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალია და ვერ იყენებენ, თუნდაც კრედიტის გამოტანისთვის; თუ საცხოვრებელი ბინის ჩადება ესაჭიროება, არცერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს არ მიიღებს.

შესაბამისად, ასეთ შენობა-ნაგებობებზე რომლის დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი, ჩვენ ვაკეთებთ ამინისტიას და გვინდა ეს შენობა-ნაგებობები მივიღოთ ექსპლუატაციაში,“ - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ამნისტია ჩაიკეტება და ანალოგიური დარღვევები სამომავლოდ სისხლის სამართლის დანაშაულად კლასიფიცირდება.

მერის განმარტებითვე, ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, მაგრამ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია.

ახალი კანონპროექტის სრული პრეზენტაცია მომდევნო კვირაში გაიმართება.