მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიას ახალი ავტობაზის მშენებლობა ₾67 მილიონი დაუჯდება

63aeccebdf312
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.22 15:41
585
თბილისის მერიას 200 18-მეტრიანი ავტობუსისთვის ახალი ბაზის მშენებლობა 67 მილიონი ლარი დაუჯდება, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ პროექტის განხორციელებას ტენდერის გარეშე, პირდაპირი კონტრაქტის გზით გეგმავს.

განაცხადის მიხედვით, ეს პროექტი თავდაპირველად EBRD-ის კრედიტით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, იმის გამო, რომ პროექტი დონორული დაფინანსებით მიმდინარეობდა, მისი შესყიდვის პროცედურები განსხვავებული იყო, რამაც მისი გაჭიანურება განაპირობა.

“თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 2022 წლის 6 ოქტომბრის განკარგულებით, მიიღო გადაწყვეტილება - საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2021 წლის 24 ნოემბერს „თბილისის ავტობუსის პროექტი - ფაზა III“- ის ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „პროექტის განხორციელება სასესხო პირობებისა და EBRD - ის რეგულაციების შესაბამისად არსებითად ზრდის პროექტის განხორციელების ვადებს, რაც დედაქალაქის მიმდინარე სატრანსპორტო საჭიროებების გათვალისწინებით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამდენად, პროექტის დროულად განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილია სასესხო შეთანხმების გაუქმება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედრების შესაბამისად,”- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნებართვის გაცემის შემთხვევაში ეს ერთ-ერთი უმსხვილესი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი იქნება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მომდევნო წელს 100 ერთეული 18-მეტრიანი CNG ავტობუსის შეძენა არის დაგგემილი.

“ავტობაზის მშენებლობა და ასევე 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გადანაწილებულია რამდენიმე წელზე. თუ ავტობუსები უფრო მალე იქნება დამზადებული და გარკვეული ნაწილი შემოვა დედაქალაქში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა ავტობაზები, იმისთვის, რომ შეფერხება არ იყოს და ავტობუსებს შეეძლოთ ქალაქში გადაადგილება.

200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა გვინდა, ეს ყველაფერი დათვლილია მგზავრთანაკადებისა და რაოდენობის მიხედვით. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ 100 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი შევიძინოთ, დროთა განმავლობაში ის იქნება შევსებული.”-აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ახალმა ავტობუსებმა სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ სატრანსპორტო კვანძებში უნდა იმოძრავონ.