მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის მხრიდან შენობების ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვის გაცემა უნდა დაჩქარდეს - "არსი"

606dd3ae262c0
ელენე გოგბერაშვილი
08.04.21 09:00
870
თბილისის მერიის მიერ დაინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტით სამშენებლო სექტორში თამაშის წესები იცვლება. გარდა იმისა, რომ ამნისტია 2020 წლის 18 აგვისტომდე დაუსრულებელ მშენებლობებს შეეხება, მკაცრდება სამუშაოების დარღვევებით წარმოებაზე სანქციები, დარღვევის განმეორება კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება.

მთავარი ცვლილება, რასაც კანონპროექტი აწესებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას გულისხმობს, რაც როგორც  დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.

სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ცვლილებების ამოქმედების დროში გადავადებას დადებითად აფასებს, თუმცა როგორც კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი bm.ge-სთან განმარტავს, მნიშვნელოვანია გაიზარდოს მერიის პასუხისმგებლობაც და კომპანიებმა ექსპლუატაციის ნებართვა დაჩქარებული წესით მიიღონ.

„გარკვეულ ნებართვებზე არსებობს ეს პრაქტიკა, რომ შეგიძლია დაჩქარებული წესით მიიღო ნებართვა. ამ შემთხვევაშიც იგივე მოთხოვნა გვქონდა, რადგან პრიორიტეტული გახდა ექსპლუატაცია მერიისთვის და ჩვენთვისაც, რომ სწრაფად ხდებოდეს შემოწმება და დადგენა - შეესაბამება თუ არა იმ არქიტექტურულ პროექტს, რაც შეთანხმებულია და სწრაფად მიიღოს მერიამ ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება; თუმცა ამისთვისაც მერიასაც სჭირდება დრო და როგორც ბოლოს შევთანხმდით 6 თვე ოპტიმალურია. ეს ნიშნავს იმას, რომ 1 იანვრიდან, როცა ამოქმედდება ის წესი, რომ თუ შენობა ექსპლუატაციაში არ არის შესული, ელექტროენერგია და გაზი არ ჩაირთვება, მერიაც მზად იქნება გადაწყვეტილებები დაჩქარებულად მიიღოს“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი არ კრძალავს შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე მობინადრემ მშენებლისგან კომერციულ ტარიფად მიიღოს ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად. როგორც ორთოიძე ამბობს, სწორედ ამიტომ ითხოვდა სექტორი, რომ ექსპლუატაციის ნებართვა დაჩქარებული წესით გაიცეს.

„რა გამოვა ანუ თუ ერთი მხრივ, ვიღებთ კანონს, რომლის მიხედვით ექსპლუატაციამდე რემონტი და ცხოვრება შენობაში არ შეიძლება და მეორე მხრივ, სამშენებლო ელექტროენერგიას ვაწვდით კლიენტს, რომ მან მაინც რემონტი დაიწყოს და მერე შეიძლება ცხოვრებაც გადაწყვიტოს დროებითი ელექტროენერგიით. მივიღებთ იგივე წესს, ამიტომ გვინდა, სახლს რომ დავამთავრებთ, მაქსიმუმ 1 თვეში მივიღოთ ექსპლუატაციის ნებართვა. ერთი თვის შემდეგ მობინადრე ფართში რემონტის გასაკეთებლადაც შევა და შემდეგ უკვე - საცხოვრებლად. პირს არ დასჭირდება არანაირი დროებითი ელ.ენერგია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი დაეკარგება კანონს“, - განმარტავს "არსის" გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება კითხვას, რას ცვლის თამაშის ახალი წესები სამშენებლო სექტორისთვის, ბესო ორთოძე ასე პასუხობს:

„აქამდე ექსპლუატაცია მეორეხარისხოვანი იყო, ახლა ყველა მიაქცევს ექსპლუატაციას ყურადღევას, რადგან ეცოდინებათ, რომ მანამდე ვერ მოხდება შენობაში ვერც რემონტი, ვერც ცხოვრება. ეს პრიორიტეტი გახდება ყველასთვის, ბიზინესპროცესებიც შეიცვლება, კონტრაქტებიც შეიცვლება და კომპანიებიც ეცდებიან, პროექტებში დარღვევები არ იყოს, თუმცა ხშირად დარღვევები ისევ მოსახლეობისგან იყო, ვინც ექსპლუატაციამდე რემონტს აკეთებდა ან ფასადს ცვლიდა ან კონდეციონერს სხვაგავრად დაამონტაჟებდნენ, ამის გამო ბევრი კომპანია ვერ იღებდა ექსპლუატაციიის ნებართვას. ეს კანონიც ამის პრევენციაა, რომ თუ ვერ შეხვალ ფართში, ვერც დაარღვევ პროექტს, თუმცა კომპანიებს პასუხისმგებლობა გაეზარდათ, რომ პროექტის მიხედვით ააშენონ და არანაირი გადაცდენა არ ჰქონდეთ პროექტთან მიმართებით“, - აცხადებს ორთოიძე.