მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიკო გუბელაძე: „დღგ არის ის, რაც გვახრჩობს“

5ed911f6d994c
ნუცი ბაზლიძე
05.06.20 09:00
4159
„კარგი იქნებოდა, ხელშესახები, რეალური დახმარება წამოსულიყო ჩვენი სექტორისკენ. დღგ არის ის, რაც გვახრჩობს, ფაქტობრივად“ - აღნიშნავს რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე გადაცემა #ქალებისნარატივში და განმარტავს, რომ აფასებს იმას, რაც გაკეთდა, თუმცა საშემოსავლო გადასახადის გადავადება დიდ შეღავათს არ წარმოადგენს.

მისი თქმით, ესმის, რომ მთავრობა დღგ-ის სრულად ვერ მოხსნიდა, მაგრამ კარგი იქნებოდა განეხილათ მისი შემცირება ან გადავადება.

გარდა ამისა, მერიკო გუბელაძე აღნიშნავს, რომ მის თანამშრომლებს, რომლებიც დროებით უმუშევრად დარჩნენ, ჯერჯერობით არ მიუღიათ 200-ლარიანი დახმარება.

„ყველა ჩემი თანამშრომელი არის ფაქტობრივად მშიერი. ახლა რომ გავიხსნებით, ისინი ისევ დაქირავებული იქნებიან რესტორნის მიერ; მათთვის ეს დახმარება საერთოდ გაქრა. ასევე, ძალიან გული მტკივა, მაგრამ მოგვიწევს შემცირება, შეიძლება გავანახევროთ კიდეც ხელფასები. ვფიქრობ, რომ კრიზისული პერიოდი იქნება 1 თვე და თუ ეს ეტაპი გადავაგორეთ და ახალი აფეთქება არ მოხდა ვირუსის, მაშინ, ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგება“, - აღნიშნავს ის.

ამასთან, მერიკო გუბელაძე განმარტავს, რომ ამ პერიოდში რესტორან „შავი ლომისთვის“ შემოსავლის მიღების საშუალებად ე.წ დელივერი სერვისის გამოყენება რჩებოდა, თუმცა, რესტორნის კონცეფციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მსგავსი ცვლილებისგან თავი შეიკავეს.

“შავი ლომის” დამფუძნებელი სამომავლო გეგმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული სიტუაციისა, ის არ აპირებს ახალი რესტორნის პროექტის გაჩერებას. მისი განმარტებით, ახალ რესტორან „ნინიას ბაღს“ ჯამში 3 მზარეული აფუძნებს, მისი კონცეფცია კი გარკვეულწილად, ექსპერიმენტულ სამზარეულოს მოიაზრებს.