მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე დღეა „მაგთიკომის“ 300-მდე თანამშრომელი მუშაობაზე უარს ამბობს, მოთხოვნა უცვლელია

61e13764164df
ინგა მურუსიძე
14.01.22 13:00
2375
"მაგთიკომის" ტექნიკური პერსონალი უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც bm.ge-ს საპროტესტო აქციის მონაწილე თორნიკე ებილაშვილმა განუცხადა, მესამე დღეა ტექნიკური პერსონალი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იკრიბება კომპანიის ოფისებთან და უბნებზე სამუშაოდ არ გადის.

„ვაგრძელებთ პროტესტს. კომპანიისგან არანაირი გამოხმაურება არ გვქონია. ერთადერთი, რაც გააკეთეს, თბილისში კომპანიას ჰყავს 4 ტექნიკური მენეჯერი და უბნებზე ისინი გაუშვეს სამუშაოდ აბონენტებისთვის მომსახურეობის გასაწევად. მხოლოდ ეს 4 ადამიანი მუშაობს, დანარჩენი 300 თანამშრომელი გაფიცული ვართ.

აქციის მონაწილე გამოემაურა კომპანია „მაგთიკომის“ განცხადებას, რომლის თანახმად, თანამშრომლებს პანდემიის დაწყებისთანავე მოემატათ ხელფასები. მისი თქმით, ეს არის ტყუილი, რადგან პანდემიის დაწყების შემდეგ არანაირი სახელფასო მატება არ ყოფილა.

თორნიკე ებილაშვილის ინფორმაციით, „მაგთიკომის“ თანამშრომლებს ხელფასები მოემატათ ორი წლის წინ, 10%-ით, თუმცა ეს მატება ყველას არ შეხებია. „რაც შეეხება საბონუსე სისტემას, ბონუსები გვაქვს, თუმცა მინიმალური“, - ამბობს თორნიკე ებილაშვილი.

მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები კომპანიას ვადას აძლევენ 17 იანვრამდე და თუ არანაირი გამოხმაურება არ იქნება, პროფკავშირებთან ერთად, სამართლებრივი პროცესების წამოწყებაზე იმსჯელებენ.

"გუშინ ყველასთან მოვიდა საყვედურის წერილი, ასევე შეჩერდა ხელფასის დარიცხვის პროცესი. ამ ყველაფერს განვიხილავთ იურისტებთან“, - განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.

Bm.ge დაუკავშირდა კომპანია „მაგთიკომს“, სადაც ამბობენ, რომ "ამ ეტაპზე კომპანია დამატებით კომენტარს არ აკეთებს".