24.ნოემბერი .2022 13:47

მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს - ზურაბიშვილი

მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს - ზურაბიშვილი
views 270
უკან

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. მან ჟურნალისტებთან ასევე თქვა, რომ მუდმივად ინტერესდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მუდმივად ყურადღებით ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის. ამიტომ, ჩემი ადმინისტრაციიდან რეგულარულად კონსილიუმს ხვდებიან, ხან „ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ასეთი შეხვედრა ჩანიშნული. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც მითქვამს, თუ ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული, ეს არ ვიცი, დღემდე არ მაქვს ეს ინფორმაცია. არც ექსპერტი ვარ, ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს სასამართლოსთან წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: პირველი ჯანმრთელობის პრობლემას, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. სურვილი მაქვს, რომ სასამართლომ დაგვიმტკიცოს. ეს არის ალბათ, ადვოკატების ვალდებულება, რომ სასამართლოში შეიტანონ [განცხადება]”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.