26.სექტემბერი .2019 14:27

მეშახტე პრემიერს მიმართავს - ტყიბული მიტოვებულ ქალაქს არ უნდა დაემსგავსოს

views 212
უკან

ხელფასის დარიცხვის მოთხოვნით ტყიბულელი მეშახტეები აქციას ისევ განაგრძობენ. გაფიცულები ტყიბულში პრემიერის ჩასვლას ითხოვენ, თუმცა პრემიერის ნაცვლად ადგილზე პრემიერის მითითებით ეკონომიკის მინისტრი ჩავა.

როგორც მეშახტეები აღნიშნავენ, ისინი ტყიბულში, ადგილზე ეკონომიკის მინისტრის ჩასვლას ელოდებიან. მეშახტეები მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერს თხოვნით მიმართავენ, რომ ტყიბული მიტოვებულ ქალაქს არ დაამსგავსონ.

„პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ჩვენთვის ცნობილი ახლახანს გახდა. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენთვის ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და მოგვარდება ხელფასების პრობლემა. რაც მთავარია, შახტების ამუშავების პრობლემაც გადაწყდება. ეკონომიკის მინისტრს ველოდებით და რა ინფორმაციასაც მოგვაწვდის, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. გაგვაგებინონ აქვს თუ არა მომავალი ტყიბულს და საერთოდ შახტს!“ - განაცხადა მეშახტე ონისე საპანაძემ.

„ვალებში ვართ 20 რიცხვში მქონდა სესხი გადასახდელი, რომელიც თვეში 280 ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით ჯარიმები იმ დონეზეა ასული, რომ ხელფასი რომც დამერიცხოს - სულ ჯარიმებში მიდის. ასე გაგრძელება კატასტროფაა. პრემიერ-მინისტრს და სხვებს თხოვნით მივმართავ, რომ ეს ქალაქი მიტოვებულ ქალაქს არ უნდა დაემსგავსოს და არ უნდა იყოს ერთადერთი საწარმოს გარეშე“ - აღნიშნა მეშახტე შმაგი ქათამაძემ.