მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტია შობას უშუქოდ შეხვდა – "მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა მორიგე აიძულა ქვესადგური გაეთიშა"

5ff982bf8715f
BM.GE
09.01.21 14:10
2003
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" მესტიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. კომპანიის ინფორმაციით, მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები, შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით. 

“მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა”,– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს და მეორე რიგში, მსგავს პირობებში მანიპულირებამ, მაღალი ძაბვის ქსელში, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენასაც რამოდენიმე კვირა დასჭირდება.

“კომპანიამ არაერთგზის განაცხადა, რომ მესტიაში ენერგეტიკული კუთხით შექმნილი ვითარება არის ძალიან მძიმე და ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდა.

ენერგო-პრო ჯორჯია სთხოვს მესტიის რაიონის ყველა მოსახლეს, გამოიჩინოს თავშეკავება მსგავსი არამართლზომიერი და მათსავე სიცოცხლისთვის სარისკო ქმედებებისგან, რათა გამოირიცხოს ტრაგიკული შემთხვევები.

კომპანია აგრეთვე ადასტურებს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და მნიშვნელოვნად გამოსწორება მთელი რაიონის მასშტაბით, ასევე როგორ უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც სხვა ყველა მომსახურების ცენტრში, უკვე მრავალი წელია მიღწეულია. კომპლექსური ქმედებების კვლავ გადავადება გარანტირებულად გამოიწვევს მძიმე შედეგებს, რაზედაც ენერგო-პრო ჯორჯია იხსნის პასუხისმგებლობას”,– ნათქვამია განცხადებაში.