მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა - „ენერგო-პრო ჯორჯია“

61d2d6d5c2551
თელარა გელანტია
03.01.22 14:57
8317
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა, თუმცა აღსანიშნია, რომ ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს დენი გრაფიკის გარეშე მიეწოდება.

„მესტიის ელექტრომომარაგება შეფერხების გარეშე ხდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს მოხმარების შემცირების ხარჯზე მოხერხდა; მეტიც, ელექტროენერგიის მოხმარება ეს დღეები გაიზარდა კიდეც, რაც შეიძლება ახალი წლის დღესასწაულის ფაქტორით აიხსნას, მაგრამ 2 იანვარსაც საკმაოდ გაზრდილი იყო მოხმარება.

რაც შეეხება მესტიის ელექტრომომარაგების დასტაბილურების მიზეზებს, ეს ფაქტობრივად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლების სიცოცხლის ფასად მოხერხდა, რადგან ჩვენ შევძელით მაღალი ძაბვის ხაზის - ,,მოაშის“ რეაბილიტაცია, რომელიც გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე ძალიან რთულია და საბჭოთა კავშირის დროს, როცა ზიანდებოდა, მისი რეაბილიტაცია მხოლოდ ივნის-ივლისში ხერხდებოდა.

ამდენად, ახლა პატარა ქსელში დაზიანებები ხდება, მაგრამ მათ აღდგენას ჩვენი თანამშრომლები სწრაფად ახერხებენ, ხოლო „მოაში“ ან სხვა მაღალი ძაბვის გადამცელი ხაზი დაზიანდა, შემდეგ უკვე პროგნოზირება რთულია“, - განმარტეს კომპანიაში.

"დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!" - ეს პირობა მესტიაში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა 30 დეკემბერს მას შემდეგ დადეს, როცა ნათელი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ელექტრომომარაგება სხვა გზით ვერ დასტაბილურდებოდა და მოსახლეობას სიცივე და სიბნელე ემუქრებოდა.

საქმე ის არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტას აწარმოებს ანუ მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას მოითხოვს. ამ მზარდ დატვირთვას კი ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ვერ უძლებენ, რამაც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემები შექმნა. ელექტროენერგია სასტუმროებსა და საბაგიროებსაც შეუწყდა, რამაც კოვიდ-პანდემიით შეზღუდული ზამთრის ტურისტული სეზონი კიდევ უფრო დაამძიმა.