10.აგვისტო .2020 15:00

მესტიაში გაძლიერებული ტესტირება იწყება - პრემიერი

views 814
უკან

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, სვანეთში კერძოდ მესტიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სპეციალური ღონისძიებები გატარდება. ამის შესახებ მან კახეთში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა განმარტა, რას ნიშნავს სპეციალური ღონისძიებები და აღნიშნა, რომ ეს იქნება გადაადგილების შეზღუდვაც და გაძლიერებული ტესტირება.

„ჩვენ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება, რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება, ისევე როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, იმისთვის რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი.

გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედილი, არავინ არ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არ არის. ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება ემოციების საფუძველი გახდეს. ეს იქნება სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც იქნება. სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ იქ გაძლიერებულ ტესტირებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და კონკრეტულად სამეგრელოში საჰოსპიტალო სისტემა პაციენტების რაოდენობის მატების შემთხვევაში სრულად მობილიზებულია.