მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში სასტუმრო „ფოსტა“ ფართოვდება - ინვესტიცია 10 მლნ ლარია

5ee9e926bee95
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 14:20
3958
სვანეთში, კერძოდ, მესტიაში გასულ წელს ამოქმედებული სასტუმრო „ფოსტა“ აგვისტოში გაფართოვდება - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა თათია დევდარიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს სასტუმროში 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება.

„ჩვენი სასტუმრო ფართოვდება და არსებულ 20 ნომერს 33 ნომერი ემატება. ჯამში, აგვისტოში სტუმრებს განახლებულ 53 ნომრიან სასტუმროში ვუმასპინძლებთ. სასტუმროს, ასევე, ემატება ტერასები, აუზი, სპა და სპორტული დარბაზი - ყველა მომსახურება, რაც მომხმარებელმა ჩვენგან შეიძლება მოითხოვოს“, - ამბობს „ფოსტას“ გენერალური მენეჯერი.

თათია დევდარიანი აღნიშნავს, რომ სასტუმროს გაფართოების გეგმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არსებობდა და ის პანდემიამ ვერ შეცვალა.

„სასტუმროს გაფართოება 2020 წლის გეგმაში შედიოდა და პენდემიის გამო ჩვენ მშენებლობა არ შეგვიჩერებია. ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და ყველა ნორმის დაცვით ვახორციელებდით სამშენებლო სამუშაოებს. სასტუმროს გაფართოება კერძო ფინანსური რესურსებით ხორციელდება და პროექტის ღირებულება 10 მლნ ლარია“, - უთხრა BM.GE-ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.