მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში სასტუმრო „გისტოლა" გენერატორით მუშაობს - სასტუმროს მფლობელი

61c9d106257f9
მარიამ ვარადაშვილი
28.12.21 00:00
1280
სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ მესტიაში შუქი გრაფიკით და ისიც დაბალი ძაბვით მიეწოდებათ, რის გამოც გენერატორს იყენებენ. როგორც გურჩიანი BMG-ის ეუბნება, უშუქობის გამო ჯავშნები უქმდება, რის გამოც ახალი წლის პერიოდში 40-ზე მეტ ნომრიან სასტუმროში მხოლოდ 4 ნომერია დაჯავშნილი.

“[საბაგიროების გამორთვა] ფაქტობრივად ტურიზმის სიკვდილს ნიშნავს. ჯავშნები ბევრი იყო, თუმცა გაუქმდა, რადგან შუქი არ არის. ზოგადად ქალაქში არ არის შუქი, შესაბამისად არც საბაგიროს აქვს შუქი, არც სასტუმროს და არც რესტორანს. დღეში 2 საათი მოდის და ისიც დაბალი ძაბვით. ამიტომ, მთელი სასტუმრო გენერატორით მუშაობს. ძალიან ბევრ სასტუმროს გაუუქმდა ჯავშანი. ჩვენს შემთხვევაში ჯავშნების 70-80% გაუქმდა. სხვათა შორის შეკვეთების ოდენობა საკმაოდ დიდი იყო, ახლა 3-4 ოთახია დაკავებული ახალი წლის პერიოდში. 45 ოთახი გვაქვს სასტუმროში და 3 თუ 4 ჯავშანია, დანარჩენი გაუქმდა”, - აცხადებს გურჩიანი.

ელექტროენერგიასთან ერთად მუნიციპალიტეტს წყალიც შეფერხებით მიეწოდებათ. როგორც გურჩიანი გვეუბნება დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის გამო წყლის მიმწოდებელი ტუმბოები გამართულად ვერ მუშაობს, რის გამოც წყალი იყინება, შესაბამისად, მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდებათ.

სასტუმროს მეპატრონეს ასევე მიაჩნია, რომ მაინინგი უკანონო საქმიანობა უნდა გახდეს და შესაბამის ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლება აღკვეთონ ეს საქმიანობა. სხვა შემთხვევაში მიაჩნია, რომ მაინინგის საკითხი არ მოგვარდება.

“ძალიან ბევრი სასტუმროა, რომელთაც გენერატორი არ აქვთ, ისინი საერთოდ ვერაფერს აკეთებენ. მერიამ რა უნდა გააკეთოს?! ჩემი ინფორმაციით, სვანეთს 7 მეგავატი ელექტროენერგიის სჭირდება, ახლა 27 მეგავატი იხარჯება. ეს 20 მეგავატი მაინინგზე იხარჯება. სოფლებში მიტოვებულ სახლებში ყველგან ეს მაინერები დგას. თუ ძალით არ შეაწყვეტინე, მაგას საკუთარი ნებით არავინ იზამს. როგორც მესტიის მერმა თქვა, კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებასო და შესაძლოა მართლა არ აქვთ უფლება რომ შევიდნენ და გამოურთონ კერძო პირს ვთქვათ მაცივარი. ეტყობა კანონია მისაღები”, - აცხადებს გურჩიანი.

მისივე თქმით, “ენერგოპრო ჯორჯია” ვალდებულია ეს საკითხი მოაგვაროს, რადგან კომპანიამ ამ პრობლემის შესახებ დიდი ხანია იცის და მთავრობის წინაშე ეს პრობლემა გადასაჭრელად არ დაუყენებია. რაც შეეხება მთის კურორტების კომპანიას, გურჩიანს მიაჩნია, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტურისტულ ინფრასტრუქტურას გამართულად ემუშავა.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბრიდან გაიხსნა, მაგრამ მესტიაში - თეთნულდის და ჰაწვალის საბაგიროები ამ დრომდე ვერ ჩაირთო. აღნიშნული BMG-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც დაუდასტურეს, სადაც ვერ ამბობენ, როდიდან ჩაირთვება საბაგიროები. მიზეზი ელექტრომომარაგების არასტაბილური მიწოდებაა.

როდიდან იქნება შესაძლებელი საბაგიროების ჩართვა - ამ კითხვით bm.ge-მ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართა, სადაც კონკრეტული პასუხი ასევე არ აქვთ, მაგრამ განგვიმარტეს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება, რაც საბაგიროების გაჩერების ხარჯზე მოხერხდა.