მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა

5f312c47ca556
ვიქტორია მღებრიშვილი
10.08.20 15:17
2122
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიაში COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვები გამკაცრდა.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გადაადგილება შეიზღუდება დაბა მესტიასა და სოფლებს შორისაც.

„დაბა მესტიაში და მესტიის მუნიციპალიტეტეის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები:

• იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე წესედება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

• დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

• თავშეყრის ადგილბეზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

• მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები - ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ტურისტები გადაყვანილ იქნებიან საკარანტინე ზონებში.

„გარდა ამისა COVID-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უწყებები მესტიის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს, ან დაუკავშრდნენ 112-ს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ STOPCOV.ge-ის აპლიკაცია, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულებთან შესაძლო კონტაქტს“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.