მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის სასტუმრო „ბანგურიანს“ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, უცხოელი ტურისტები არ მიუღია

605b4a4bab515
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 22:00
1427
მესტიაში მოქმედი სასტუმრო „ბანგურიანის“ ბიზნეს კონსულტანტი გიორგი დოლიძე სამთო კურორტებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ სასტუმრომ ოპერირების განახლება მინიმალური, ადგილობრივი ტურისტებიდან არსებული დატვირთვის შედეგად შეძლო.

„მესტიის სასტუმრო ოპერირებაში 15-20%-იანი დატვირთვით, ადგილობრივი ტურიზმის აქტივობით ჩაეშვა. საერთაშორისო ტურიზმის იმედი ამ წელს არ გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ სეზონის გააქტიურებასთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა არ დაიწყება, სასტუმროების დატვირთვა 70%-80%-მდე სწორედ შიდა ტურიზმის ხარჯზე გაიზრდება, ოღონდ მესამედი ფასებით. ეს მხოლოდ იმისთვის გვეყოფა რომ თავი გავიტანოთ“, - განმარტა გიორგი დოლიძემ.

სასტუმროს ბიზნეს კონსულტანტი ამბობს, რომ სასტუმროს უცხოელი ვიზიტორებიდან ჯერ კიდევ გასულ წელს წინმსწრებად გაკეთებული ჯავშნები ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო ეს ჯავშნები ეტაპობრივად უქმდება.

„სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები სეზონის მიწურულს მოიხსნა, შესაბამისად უცხოელმა ვიზიტორებმა მესტიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავეს“, - აღნიშნა „ბანგურიანის“ ბიზნეს კონსულტანტმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის სასტუმრო „ბანგურიანში“ 1 დღით განთავსების ღირებულება 170 ლარიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესების არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ მოიხსნა. საქართველოს მთავრობამ ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე - ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე სასტუმროებს 25 თებერვლიდან გახსნის უფლება მისცა - ბიზნესისთვის ეს ინფორმაცია მხოლოდ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. 8 მარტიდან კი ოთხივე კურორტზე საბაგიროები ამოქმედდა.