მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტეხის კერამიკა“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს - ინვესტიცია $1.5 მილიონია

645dff1c75eaa
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.23 13:03
1114
კერამიკული სამშენებლო მასალების მწარმოებელი „მეტეხის კერამიკა“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს - წარმოების გაძლიერებისა და გაყიდვების გაზრდის გეგმებზე „მეტეხის კერამიკის“ დირექტორმა დავით კაკაბაძემ გადაცემა #წერტილში ისაუბრა.

მისი თქმით, კასპში მოქმედი საწარმოს გაყიდვები ყოველწლიურად ორმაგდება და ბაზარზე მოთხოვნაც დიდია, ამიტომ კომპანიაში სიმძლავრეების კიდევ უფრო გაზრდა სურთ.

„გასულ წელს მეტეხი კერამიკის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა. ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის და კომპანიები ხარისხზე აკეთებენ აქცენტს. ჩვენი საწარმო კერამიკულ მოსაპირკეთებელ მასალასა და ბლოკებს აწარმოებს. ამ მასალით კედლების აშენების შემდეგ თბოიზოლაცია საჭირო აღარ არის, სამშენებლო კომპანიები ამით თანხებს ზოგავენ და მოთხოვნაც მზარდია. ძალიან კმაყოფილები ვართ.

2022 წელს 15 მლნ პირობითი[მოსაპირკეთებელი] აგური გავყიდეთ, 2 წლის წინ გვქონდა 7 მლნ აგური. წელს 18-19 მლნ-ის გაყიდვა გვინდა.

ახლა გვაქვს დანადგარები შეკვეთილი და ნახევრადავტომატიზებულ ხაზს ვმართავთ, იმისთვის, რომ ხელით ნაკეთები აგურები ვაწარმოოთ და ძველი ქართული აგურის იერსახე შევინარჩუნოთ. ჩვენ ასევე ეზოების მოსაპირკეთებელ აგურებს ვაწარმოებთ და ამ პროდუქტის გამოსაწვავი ღუმელის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის. წელს უკვე 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია გვაქვს დამატებული. მომავალ წელს კიდევ 1 მლნ დოლარს დავამატებთ და დასრულდება ქარხნის აღჭურვა“, - აღნიშნა დავით კაკაბაძემ.

საექსპორტო პერსპექტივებზე საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს ეს მიმართულება მათი ბიზნესისთვის მომგებიანი არ არის, რადგან კონკურენცია დიდია.

„საექსპორტო ბაზრებს რაც შეეხება, ჩვენ გაზს სოკარიდან ვყიდულობთ და დღეისთვის 600 დოლარი გამომდის, რუსეთში კი 1 კუბური მეტრის ღირებულება 50-70 დოლარია, აზერბაიჯანშიც ასეა, ამიტომ ამ ბაზრებზე შესვლით ადგილობრივ მწარმოებლებს დიდ კონკურენციას ვერ გავუწევ და არ ვცდილობ იქ შესვლას“, - განმარტა კაკაბაძემ.