მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტი ფული უნდა დაიხარჯოს... შუა დერეფანი უნდა გავხადოთ უფრო მიმზიდველი - მამუკა მურჯიკნელი

646b5ff458d67
ელენე გოგბერაშვილი
23.05.23 00:15
1618
"შუა დერეფანი უნდა გავხადოთ უფრო მიმზიდველი.... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგი ათწლეულები კიდევ იმუშაოს" - ამის შესახებ bm.ge-სთან ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელი ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფის“ გენერალური დირექტორი აცხადებს. მამუკა მურჯიკნელის თქმით, ქვეყნას სჭირდება შესაბამისი როგორც საპორტო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომ შუა დერეფანმა გაცილებით მეტი ტვირთი გაატაროს.

„ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენი დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, როგორც კერძო სექტორმა, ისე მთავრობამ, საქართველოს რკინიგზამ, პორტებმა. ასევე უნდა ჩავრთოთ აზერბაიჯანული რკინიგზა, პორტები, რადგან ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი კორიდორია.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამან შემდეგი ათწლეულების განმავლობაში და უფრო მეტიც, იმუშაოს. ამიტომ შუა დერეფანი უნდა გავხადოთ უფრო მიმზიდველი, მეტი ფული უნდა დაიხარჯოს, უფრო მეტი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს. ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“,-ამბობს მამუკა მურჯიკნელი.

შუა დერეფანმა განსაკუთრებული როლი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეიძინა. ჩრდილოეთ კორიდორიდან ტვირთების გადმომისამართებამ და გაზრდილმა მოთხოვნამ ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვის ზრდა განაპირობა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ საკონტეინერო ტვირთების მიმართულებით პორტებმა 19%-იანი ზრდა აჩვენეს. 2022 წელს პირველად 2013 წლის შემდეგ ბათუმმა მიაღწია დაახლოებით 120 000 TEU-ს და დაახლოებით 20%-იანი ზრდა ჰქონდა. 18%-ით გაიზარდა ტვირთბრუნვა ფოთის პორტშიც. 19%-იანი ზრდა დაფიქისრდა ნაყარი ტვირთების, 9%-იანი კი გენერალური ტვირთების მიმართულებით. რაც შეეხება ნავთობს, ამ მიმართულებით გასულ წელს 33%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 43.1%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 5.4%-ით მეტი - გენერალური ტვირთმზიდი და 17.8%-ით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი მიიღო.

აღსანიშნია, რომ საანგარიშო პერიოდში, ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 505.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 17.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.