მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტი საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა იმაზე მიუთითებს, რომ გარემო ცუდია - BLB-ის პარტნიორი

61cec8a83a292
თელარა გელანტია
31.12.21 22:00
938
საქართველოს მთავრობას 2010-2021 წლებში საერთაშორისო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავება 161 მლნ ლარი დაუჯდა. BMG-ის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ოფიციალურად გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, 2005-2021 წლებში სულ საქართველოს წინააღმდეგ 24 საერთაშორისო საინვესტიციო დავა დაიწყო, მათგან 6 საჯაროა, 18 კი - კონფიდენციალური. მთლიანობაში აღნიშნული დავებიდან 10 დავა მიმდინარეა, 2 დავა დასრულდა ქართული მხარის საწინააღმდეგოდ, 4 დავა დასრულდა მორიგებით, 3 დავაში მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო, 3 დავაზე კი მოსარჩელეებმა დავის პროცესი მიატოვეს. ყველაზე მეტი - 5 დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2020 წელს დაიწყო. მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული ორი დავა და ასევე დავა „კავკასუს ონლაინის“ ინვესტორ Neqsol ჯგუფის დამფუძნებელ ნასიბ ჰასანოვსა და საქართველოს შორის. აღსანიშნია, რომ წელს საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი სარჩელი შევიდა, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია, ვინ უჩივლა სახელმწიფოს.

„მეტი საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო ცუდია და გამოწვევები გვაქვს“, - ასე აფასებს იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორის ანა რეხვიაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების მზარდ სტატისტიკას, რომელთა მხოლოდ იურიდიულ მომსახურებაზე 161 მლნ ლარი დაიხარჯა.

„ზოგადად, ჩვენი იურიდიული ფირმის მაგალითზეც შემიძლია გითხრათ, რომ თუ ადრე BLB-ის სამუშაოს დიდი ნაწილი მოდიოდა საინვესტიციო პროექტებზე, მხარეთა შორის გარიგებებზე და ა.შ. ახლა სამუშაოს დიდი ნაწილი მიაქვს სამართალწარმოებებს, დავებს. ეს არაა მარტო ჩვენი სტატისტიკა. ქართული იურიდული ფირმების სტატისტიკაც რომ აიღოთ, კლიენტურა უფრო მეტია დავების მიმართულებით, ვიდრე საინვესტიციო გარიგების კუთხით; ვინაიდან ქვეყანაში ნაკლები ახალი პროექტები ხორციელდება და შესაბამისად, ნაკლები ინვესტიცია შემოდის, იურისტების დახმარებაც ამ კუთხით მცირდება. სამაგიეროდ, იზრდება დავების მიმართულებით საქმე, რადგან ბევრი დავაა“, - განაცხადა ანა რეხვიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სადავო საქმეები გაზრდილია როგორც საჯარო უწყებებსა და კომპანიებს შორის, ისე - კომპანიებს შორის.

„კომპანიებს შორის კომერციული დავების ზრდაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც კარგად ვერ არის ქვეყნის საინვესტიციო გარემოში“, - აღნიშნა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა.

აღსანიშნია, რომ ანა რეხვიაშვილს იუსტიციის სამინისტროს მიერ საარბიტრაჟო დავების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის ხარისხიც შევაფასებინეთ, რადგან რატი ბრეგაძის უწყებამ კონფიდენციალურობის მიზეზით, ყველა დავის სახელი არ გვითხრა და ასევე, არც იმის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი მილიონი ლარის/დოლარის გადახდა მოუწია საქართველოს წაგებულ თუ მორიგებით დასრულებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავაში.

„სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით, წინ არაფერი უდგას ამ ინფორმაციის ამ ფორმით გამჟღავნებას, რომ რაღაც X დავაზე სამართლებრივი მომსახურების მიღება სახელმწიფოს დაუჯდა კონკრეტული თანხა და რადგან აღნიშნული X დავა საქართველოს სახელმწიფოს წაგებით დასრულდა, ამისთვის ბიუჯეტიდან გადახდილია კონკრეტული თანხა. გადასახადების გადამხდელებს აქვთ უფლება, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ. ჩვენ კი არ ვიცით, რამდენი მოვიგეთ ან რამდენი წავაგეთ ანუ ვიცით“, - ამბობს ანა რეხვიაშვილი.

BMG აპირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართოს ოფიციალური საჯარო წერილით, რათა სრულყოფილი პასუხები მივიღოთ.