მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე ტენდერი, სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოცხადდება

6464a46f9d97b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 14:26
1496
თბილისის მერიამ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე ტენდერის გამოცხადებას 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის დასაწყისში გეგმავს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თბილისის მეტროსადგურებში, ამ შემთხვევაში კი მეტრო „ახმეტელის თეატრში“ მგზავრთნაკადი ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია გამტარუნარიანობის შესაბამის გადაწყვეტებზე მუშაობს.

„ამავდროულად ყოველწლიურად ნაკადების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მზად უნდა იყოს. შესაბამისად, ADB-ის დაფინანსებით დაწყებულია მეტროს ხელმისაწვდომობის გაფართოების პროგრამა, რომელზეც დღეს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც ახმეტელის მეტროს ალტერნატიული ჩასასვლელის მოწყობას გულისხმობს“, - აღნიშნა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერს BM.GE-მ მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობის შესახებაც ჰკითხა, რაზეც ირაკლი ხმალაძემ უპასუხა: „მარჯანიშვილის მეტროსაც მეორე ამოსასვლელის ალტერნატივა აქვს, ამ საკითხზეც ჯერ კიდევ საკონსულტაციო მომსახურება მიმდინარეობს, ანუ ეს ამ შესაძლებლობების შესწავლაა - სად, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მეტრო მგზავრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს“.