მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო „გოცირიძეზე“ დარჩენილ სამუშაოებს სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს - ხმალაძე

63a2d86c8346d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.22 15:11
596
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოებს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „მამისონმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას დოკუმენტაცია სწორად არ აწარმოა და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მერია მეტროსადგურს ექსპლუატაციაში ვერ იღებს.

„გოცირიძის მეტროსადგურის რეაბილიტაციისას ისეთი სამუშაოები არ არის დარჩენილი, რომ ახალი კომპანიის ჩართვის საჭიროება იყოს. დეფექტების გამოსწორებას სატრანსპორტო კომპანია საკუთარი ძალებით შეძლებს. ყველაზე ცუდია, რომ კომპანიამ სამუშაოების შესრულების პარალელურად არ აწარმოა შესაბამისი დოკუმენტაცია, არ შესრულდა ყველა საექსპერტო სამუშაო და დღეს ასეთი სურათი გვაქვს რომ სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ ობიექტს ექსპლუატაციაში ვერ ვღებულობთ. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დადგინდება უსაფრთხოება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდება.

სამუშაოები მიმდინარეობდა და დასრულდა, მაგრამ როდესაც საქმე ექსპლუატაციაში მიღებასა და უსაფრთხოების შემოწმებაზე მიდგა, იგივე კომპანიამ უპასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვეღარ შეასრულა ეს ეტაპი და ამიტომაც მივიღეთ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება. დღეს ამ სამუშაოების შესრულება და ექსპლუატაციაში მიღება ჩვენი ძალებითაც შეგვიძლია. ამას სატრანსპორტო კომპანია გააკეთებს და ხარჯებს „მამისონისგან“ მოვითხოვთ“, - განმარტა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა განაცხადა, რომ „მამისონი“ უპასუხისმგებლო კომპანიაა დამფუძნებლებიდან დაწყებული, დირექტორებით დასრულებული. BM.GE-ს კითხვაზე რატომ არ გაწყვიტა დარღვევების აღმოჩენის საწყის ეტაპზე მერიამ შეთანხმება კომპანიასთან და რატომ დააკისრა კომპანიას 600 000 ლარის ჯარიმა, ირაკლი ხმალაძემ უპასუხა: „სამუშაოების მიმდინარეობისას როდესაც ვადის დაგვიანება გაქვს, ითვლი რამდენად გაზარალებს ან არ გაზარალებს დროის მიხედვით ახალი ტენდერის გამოცხადება და აქედან ვიღებთ გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან რომ დღიური ჯარიმა მაღალი იყო, ამ თანხამდე მალე მიაღწია“, - თქვა ხმალაძემ.

შეგახსენებთ: ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.

კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა bm.ge-თან საუბარში აცხადებდა, რომ კომპანიამ სამუშაოების გახანგრძლივება მხოლოდ 60 დღით ითხოვა, რის გამოც დაჯარიმდა. მისი თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება მათგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდებოდა.

ის არ გამორიცხავდა, რომ გამოწერილ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებდა. ჭკადუას თქმით, კომპანია 2 თვეში 600 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას არ ეთანხმებოდა.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კი თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციაში ჩართულ კომპანიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შპს "მამისონმა" შემდეგ ტენდერებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლოს. მისი თქმითვე, რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები თავად მერიამ უნდა გამოასწოროს, ხოლო დახარჯული თანხები სასამართლოს გზით შპს "მამისონისგან" ამოიღოს.

მერის განცხადებას კომპანია „მამისონის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ხიდეშელმა bm.ge-სთან უპასუხა. მისი თქმით, კომპანიამ მეტროსადგურ "გოცირიძის" რეაბილიტაცია 20 ნოემბერს დაასრულა და მერის პოზიცია, რომ პროექტში ხარვეზებია, სიმართლეს არ შეესაბამება.