მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალშემოსავლიანი ტურისტები, ახალი ბაზრები - რა პრიორიტეტები აქვს ვალერი ჩეხერიას

60af697a5895f
თათია ჩაფიჩაძე ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.21 19:53
1290
ეკონომიკის მინისტრის ახალი კონსულტანტი ტურიზმის მიმართულებით ვალერი ჩეხერია „საქმიან დილაში“ სტუმრობისას მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განმარტავს. ტურიზმის დარგის წარმომადგენელის თქმით, ის რჩევებს უშუალოდ ეკონომიკის მინისტრს მისცემს, რომელიც შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით განიხილება.

„პირველი ნაბიჯები, რომელიც რეკომენდაციის დონეზე დავიწყეთ, გადადგმულია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემართებით და მხარდაჭერით თუ ვიქნებით, რომელიც ტურიზმის სექტორშია, ეს გამოგვივა. ქვეყანაში სასტუმრო და ჰოსფითალითი ბიზნესში დიდი პროფესიონალები არიან და მათი დახმარებით შევძლებთ ქვეყანაში ის ბუმი და ჟრიამული დავაყენოთ, რაც ტურიზმში იყო.

სამინისტროს შიდა პროცესებში არ ჩავერთვები. კოორდინაცია მინისტრთან, მის მოადგილესთან თუ ტურიზმის ადმინისტრაციასთან იქნება, თუმცა მე უშუალოდ მინისტრთან მექნება რეკომენდაციები, რომელსაც რასაკვირველია ტურიზმის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

მისი შეფასებით, პანდემიის პირობებში ტურიზმის აღდგენა რთული პროცესია და ამ მხრივ მსოფლიოში ბევრი გამოწვევა არსებობს. ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტმა ის საკითხები დაასახელა, რომელზეც ის აქცენტს გააკეთებს.

„ჯანდაცვის სამინისტროდან და შესაბამისი უწყებებიდან მომდინარე ყველა რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ, რათა ქვეყანა ვირუსის შემოჭრით არ დავაზიანოთ. მთელი ფოკუსი უნდა გაკეთდეს მაქსიმალურად სწრაფ ვაქცინაციაზე, რომელიც ტურიზმის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არის საფეხურები, რომელიც პანდემიასთან ერთად აუცილებლად უნდა გადაიდგას, ეს იქნება შიდა თუ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ადამიანები მოგზაურობისთვის არიან მომართულნი. დიდი არაფერი უდგას იმას, რომ ევროპელებმა, ამერიკელებმა და იმ ქვეყნებმა, სადაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუნდაც ისრაელი და მეზობელი ქვეყნები რომ ავიღოთ, შემოვიყვანოთ. იმიტომ რომ საზაფხულო არდადეგები მოდის და ტურისტების მიერ ამ არდადეგების საქართველოში გასატარებლად ჩვენ აქტიურ სამსახურში ვიქნებით.

ფოკუსირება იქნება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატია იყოს და ჩავჯდეთ მსოფლიო სტანდარტებში. ყველა აეროპორტში ერთი და იგივე წესი უნდა არსებობდეს. როდესაც ტურისტი მოგზაურობს, არ შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წესი დაუდგინო. ამიტომ უნდა ჩავჯდეთ სტანდარტებში. უნდა დავიხმაროთ ჩვენი მეგობარი ზურაბ პოლოლიკაშვილი (UNWTO-ს გენერალური მდივანი), იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად გამოვაჩინოთ ქვეყანა და ვაჩვენოთ, რომ გვაქვს ძალიან კარგი მთა და ზღვა, გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ საკონფერენციო ნაწილში ტურისტები, ძალიან რეგიონალური, პატარა თუ დიდი კონფერენციების მიღების კარგი ბაზა გვაქვს და მათი მიღება უნდა დავიწყოთ. ამას უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი ნორმები, ეს იქნება ტესტირება თუ ვაქცინაცია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტმა.

ვალერი ჩეხერია მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად ახალი ბაზრების ათვისებას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს და ამბობს, რომ წელს მაქსიმალურად ბევრი ტურისტის მოზიდვა კარგი შედეგი იქნება.

„დიდ ფოკუსს გავაკეთებ ევროპულ ტურიზმზე. მაქსიმალურად შევეცდები ამერიკულ ტურიზმზეც გავაკეთო აქცენტირება, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს. ახლა ვბრუნდები აშშ-ში და აქცენტი უფრო მაღალმხარჯველიან ტურიზმზე იქნება გაკეთებული. პრემიერთან და მინისტრთან პირველივე შეხვედრაზე აქცენტი ახალი ბაზრების ათვისებაზე გაკეთდა, რათა მაღალმხარჯველიანი ტურისტი მოვიზიდოთ.

წელს მაქსიმალურად ბევრი ტურისტის მოზიდვა იქნება კარგი შედეგი. დავითვალოთ წლის ბოლოს რამდენი ტურისტი გვეყოლება. არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დავუბრუნდებით, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძალიან კარგი სტარტი გვაქვს... არაბული ქვეყნები დაინტერესებულები არიან და ბათუმის ქუჩებში ამ ქვეყნებიდან მოგზაურებს უკვე შენიშნავდით“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ და დასძინა, რომ საკოორდინაციო საბჭომ შაბათ-კვირას კაფე-რესტორნებში შიდა სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო მიიღო.

ხოლო კითხვაზე, განიხილება თუ არა კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი, ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, რომ მისი მხრიდან ეს რეკომენდაცია იქნება, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ძალიან საფრთხილო თემებია.