19.თებერვალი .2022 17:11

„მეტრო ტერმინალის“ დემონტაჟი მოთხოვნილი გვაქვს - ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

„მეტრო ტერმინალის“ დემონტაჟი მოთხოვნილი გვაქვს - ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
views 1453
უკან

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კიდევ ერთხელ განმარტავს გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.

როგორც მუნიციპალური ინსპექციაში განმარტავენ, არასწორია აპელირება იმაზე, რომ მშენებლობის დემონტაჟი არ მოუთხოვიათ, რადგან ინსპექციამ შენობების დემონტაჟი ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვა, თუმცა საკითხზე სასამართლო პროცესი და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, მუნიციპალურ ინსპექციას "მეტრო ტერმინალი" 49-ჯერ ჰყავს დაჯარიმებული, თუმცა უკანონო მშენებლობა არ ჩერდება.

საქმე ის არის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახურის დასკვნით, მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, გატარებულმა ღონისძიებებმა (გამოწერილმა ჯარიმებმა) ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს. საქმე ეხებოდა ბათუმში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის „მეტრო ტერმინალს“.

31 იანვარს ბათუმის მერიაში განმარტავდნენ: „უნებართვო მშენებლობების კუთხით ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატარებულია და მიმდინარე ეტაპზეც ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოტანის, შენობა-ნაგებობების მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების შესახებ. ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები და გაგზავნილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში.

მაგ.: გოგოლის ქუჩაზე მეტრო ტერმინალის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც მშენებლობის დაწყების მომენტში, ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილია არაერთი დადგენილება. აუდიტის პერიოდში ჯარიმის ოდენობა იყო 180 000 ლარი, ხოლო დღეისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სულ გამოტანილია 49 დადგენილება "მეტრო ტერმინალის" მიმართ დაჯარიმების (ჯამში 246 000 ლარი), უნებართვო მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების თაობაზე“.

Bm.ge დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, არის თუ არა რაიმე სიახლე მუნიციპალური ინსპექციის მიმართვის კუთხით. უწყების პასუხს მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აქვეყნებს დადგენილების ასლს, რომელიც გამოცემულია 2021 წლის 30 ივლისს და მოიცავს მოთხოვნას სს „მეტრო ტერმინალის“ დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის(დემონტაჟის) თაობაზე:














მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა