მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს სამ სადგურზე ვიწრო ტურნიკეტები დამონტაჟდება, რათა შესასვლელების რაოდენობა გაიზარდოს - კალაძე

646486ba50d0a
BM.GE
17.05.23 12:14
560
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სამ სადგურზე ვიწრო ტურნიკეტები დამონტაჟდება, რათა შესასვლელების რაოდენობა გაიზარდოს. თბილისის მერის განმარტებით, შესყიდვა უკვე დასრულებულია და ამ პროექტს ქართული კომპანია განახორციელებს. ახალი ტურნიკეტები მეტრო ახმეტელის თეატრში, ვარკეთილსა და დიდუბეში დამონტაჟდება.

“გამოცხადებული გვაქვს ახალი ტურნიკეტების შესყიდვა, ეს არის ტურნიკეტები, რომლებიც უფრო ვიწროა და იგივე სივრცეში უფრო მეტი ტურნიკეტის დადგმის შესაძლებლობას იძლევა და ეს პროექტი განხორციელდება ახმეტელის სადგურში, ვარკეთილში და დიდუბის მეტროს სადგური. ეს არის კომპანია ქართული მიკროელექტრონიკა, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება და აღნიშნული კომპანია მოგვაწვდის შესაბამის ტურნიკეტებს, რომლებიც დამონტაჟდება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკთან ერთად მუშაობენ ახალ პროექტზე, რაც მეტრო ახმეტელის თეატრში დამატებითი შესასვლელის პროექტირებას გულისხმობს, რის შედეგადაც სადგურის გამტარიანობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

“მინდა შევეხო მეტრო ახმეტელის თეატრს, რომლის ჩასასვლელ ამოსასვლელის წინ იყო რიგი და ვერ ხერხდებოდა იმ რაოდენობის ადამიანების გატარება რომელიც იმ პიკის საათებში გროვდებოდა და ეს წარმოადგენდა უდიდეს პრობლემას, რადგანაც ეს რიგებს და გაღიზიანებას იწვევდა. ვთქვით რომ გადავდგამდით ნაბიჯებს და ეს არის ტურნიკეტების დამატება, რაც გაკეთებულია და 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამატარუნარიანობა. საათში 6,300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9 ათასამდე მგზავრს შეუძლია გავლა ამ შესასვლელში. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ADB-ისთან, რომ დამხმარე ახალი ჩასასვლელ ამოსასვლელის პროექტირება მოხდეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება,”- განაცხადა კახა კალაძემ.