მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტის უპირატესობები და ნაკლოვანებები - იურისტის შეფასება

60780dc32071b
BM.GE
15.04.21 14:00
2643

“მეწარმეთა შესახებ“ დღეს მოქმედი კანონი 1994 წელსაა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა, მოძველებული კანონი ვერ პასუხობს თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებს.

აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება, რაზეც მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობასი მუშაობდა.  კანონპროექტის მიხედვით, მისი ძალაში შესვლა მიმდინარე წლის იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა მისი მიღება გადავადდა. დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ბიზნესსაზოგადოება თანხმდება, რომ ცვლილებები პრინციპულია, რაც ქართული ბიზნესისთვის ახალ თამაშის წესებს აყალიბებს.

BMG ამ კანონპროექტან დაკავშირებით  ესაუბრაიურიდიული კომპანია „გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისი“-ს დამფუძნებელ პარტნიორს გურამ ჩადუნელს, რომელმაც საკუთარი მოსაზრება დეტალურად გაგვაცნო.

გურამ ჩადუნელი განმარტავს, რომ კანონპროექტშივხვდებით რიგი საკითხების იმდაგვარ სამართლებრივ რეგულირებას, რასაც შესაძლოა არაერთგავორავნი შეფასება მიეცეს იურისტების მიერ. ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს სააქციო საზოგადოების დაფუძნებისთვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის 100,000 ლარამდე გაზრდა, რაც იმ მეწარმეებს, რომელთაც სააქციო საზოგადოებების დაფუძნება ჰქონდა გადაწყვეტილი დამატებით ბარიერებს უწესებს. ასევე პრობლემურია ჩანაწერი კოოპერატივის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რადგან ამ ჩანაწერის მიხედვით, კოოპერატივს მინიმუმ 5 პარტნიორი უნდა ჰყავდეს, რაც უფრო მცირე კოოპერატივების დაფუძნებას შეუძლებელს ხდის.

“კანონპროექტის თანახმად, სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 000 ლარს. აღნიშნული ცვლილება გამოიწვია ევროკავშირის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანამ. წინასწარ რთულია ვივარაუდოთ ეს ცვლილებაუფრო მეტად დადებითი თუ უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება ბიზნესისთვის, აღნიშნული დროის საკითხია. ფაქტი კი ისაა, რომ აქამდე თუ შესაძლებ იყო რეგისტრაციის მომენტში სს-ის განთავსებულ კაპიტალზე ყოფილიყო თუნდაც 0 თეთრი, ახლა დაწესებულია მინიმალური ზღვარი, რამაც დამწყებ ბიზნესმენებს, რომელთაც არ აქვთ ზემოაღნიშნული ფინანსური რესურსი,შესაძლოა ხელი შეუშალოს ხელი ბიზნესის წამოწყებაში სააქციო საზოგადოების ფორმით. საკანომდებლო სიახლეა ის, რომ კოოპერატივის დასაფუძნებლად აუცილებელია სულ ცოტა 5 დამფუძნებლის არსებობა. ცოტათი ბუნდოვანია თუ რატომ დააწესა კანონმდებელმა მინიმალური ზღვარი კოოპერატივის დაფუძნებისათვის და რა მნიშვნელოვანი ინტერესი და მიზნები დგას ამ სიახლის უკან. რატომ არ შეიძლება, რომ თუნდაც ოთხმაან ნაკლებმა პარტნიორმა დაარსოს კოოპერატივი, ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია განმარტებით ბარათშიც,”- აღნიშნავს გურამ ჩადუნელი.

- რამდენად ინფორმირებული იყო ბიზნეს საზოგადოება ამ კანონის შინაარსთან დაკავშირებით?

- ბიზნეს საზოგადოება, ვფიქრობ, საკმაოდ ინფორმირებული იყო კანონის შინაარსთან დაკავშირებით. კანონპროექტი უკვე რამდენიმე თვეა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. გარდა ამისა ხშირად იყო საჯაროდ გაჟღერებული თანამდებობის პირებისაგან, რომ აუცილებელია საკორპორაციო სამართალში ნორმატიული ბაზის დახვეწა, ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინება და შესრულება. ასევე, ვფიქრობ, საზოგადოების ფართო ფენებისთვის უკვე ცნობილია, რომ მიმდინარეობს კანონის სრულიად ახლებურად ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბიზნესსექტორი საკმაოდ მომზადებული შეხვდება ახალი კანონის ამოქმედებას.

- რა არის ამ საკანონმდებლო ცვლილების ძირითადი დადებითი მხარეები, როგორ არის განსაზღვრული აქციონერთა/მეწილეთა განსხვავებული უფლებები და მოვალეობები?

- ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე, რასაც აღნიშნული კანონპროექტი გვთავაზობს, არის კომპანიის პარტნიორ(ებ)სა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ფორმის რეგულირება. მოგახსენებთ, რომ ძველი რედაქციით არ იყო ცნობილი თუ რომელ ხელშეკრულებას უნდა მოეწესრიგებინა ზემოთხსენებული ურთიერთობები. ზოგიერთი იურისტი მიიჩნევდა, რომ ეს ხელშეკრულება იყო შრომითი, ზოგიც, რომ ის იყო დავალების ხელშეკრულება და ა.შ. აღნიშნული საკითხი ისევ და ისევ სასამართლო პრაქტიკის წყალობით რეგულირდებოდა, ცნობილი იყო ე.წ. ,,სასამსახურო ხელშეკრულება“, რომელსაც ვერცერთ კანონში ვერ ვიპოვიდით. კანონპროექტი კი უკვე იცნობს ამ ხელშეკრულებას და აწესრიგებს მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე ერთგვარი ნოვაციაა დანაწესი, რომ სამეწარმეო საზოგადოებას უფლება არ აქვს გასცეს დივიდენდი, თუ ეს სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობას გამოიწვევს. საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე დივიდენდის განაწილების შესახებ წინადადებას, რომელსაც წარუდგენს პარტნიორებს. ხელმძღვანელი ორგანო პარტნიორებზე წლიური დივიდენდის განაწილების წინადადებას ამზადებს ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით. დაუშვებელია პარტნიორებზე დივიდენდის განაწილება, თუ მის შედეგად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მაღალი ალბათობით ვერ შეძლებს მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას ჩვეულებრივი ან დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში. დაუშვებელია დივიდენდის იმგვარი განაწილება, რომლის შედეგადაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივი ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. აღნიშნული ნორმა მიმართულია როგორც თავად საზოგადოების, ასევე მესამე პირთა ინტერესების დაცვისაკენ. კანონპროექტში ვხვდებით უმნიშვნელოვანეს ცვლილებას, კერძოდ, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში და კოოპერატივში არაფულადი შენატანის საგანი, განსხვავებით მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონისა, სადაც სამუშაოს შესრულეაბა ან მომსახურების გაწევა შესაძლოა იყოს არაფულადი შენატანის ერთ-ერთი სახე ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტისთვის. ამ ჩანაწერით უარს ვამბობთ ამერიკულ მოდელზე და ვუბრუნდებით გერმანულ მოდელს, სადაც არ შეიძლება შენატანი იყოს სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა. შეზღუდვა განპირორებულია მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების თანხობრივი ექვივალენტის ობიექტურად დადგენის სირთულით. ყურადსაღებ ინოვაციას წარმოადგენს სტანდარტული წესდების შემოღებაც. სტანდარტული წესდება არის საზოგადოების სამართლებრივ ფორმაზე მორგებული, არაინდივიდუალიზებული ტექსტი. სტანდარტულ წესდებებს, საზოგადოებების ფორმების მიხედვით, დაამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. კანონპროექტი ადგენს სამეწარმეო საზოგადოების წესდების, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილის, მინიმალურ შინაარსს და შემოიფარგლება სამი მონაცემით: სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი და წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული მინიმალური რეგულაციების მიღმა, პარტნიორები თავისუფლები არიან წესდების შინაარსის განსაზღვრაში. შესაბამისი ფორმის საზოგადოების სტანდარტული წესდების გამოყენება თავად ამ საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა სურვილზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორებს სურთ სტანდარტული წესდების გამოყენება, მათ ამის შესახებ სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აღნიშნონ. შესაძლებელია სტანდარტული წესდების მხოლოდ სრული სახით გაზიარება; მასში რაიმე სახის ცვლილების შეტანისას იგივე წესები გავრცელდება, რაც საზოგადოების მიერ დამოუკიდებლად შედგენილი წესდების წარმოდგენის შემთხვევაში.

კანონპროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს შპს-ში კაპიტალის მოზიდვის გამარტივება. შესაბამისად, კაპიტალის სტრუქტურა უფრო მოქნილია და ის სააქციო საზოგადოების კაპიტალის ძირითად ნიშანთვისებებს იზიარებს, რაც ნებადართული წილების დასაშვებობასა და წილების განსხვავებული კლასების გამოშვების შესაძლებლობაში გამოიხატება. აღნიშნული სიახლე საშუალებას მისცემს შპს-ს, მაქსიმალურად მოარგოს განსათავსებელი წილი ინვესტორთა მოთხოვნებს. შპს-ს შესაძლებლობა აქვს, გამოუშვას როგორც ნომილაური ღირებულების, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები. გამომდინარე აქედან კაპიტალის მოზიდვა ბევრად მარტივი ხდება შპს-სთვისაც. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს სს-სთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ თავად გააკეთოს არჩევანი რომელი მმართველობის სტილი იყოს ამ საზოგადოებაში, კერძოდ, სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მართვის დუალისტური ან მონისტური სისტემა. დუალისტურია მართვის სისტემა, სადაც სააქციო საზოგადოებას, პარტნიორთა კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მონისტურია მართვის სისტემა, სადაც სააქციო საზოგადოებას არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. დღევანდელი კანონმდებლობით კი სამეთლავყურეო საბჭოს ქონა სს-სთვის სავალდებულოა. საყურადღებო ნოვაციას წარმოადგენს ე.წ. აკუმულირების მეთოდის შემოღება, კერძოდ, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და ხელმძღვანელ პირთა ასარჩევად გამოიყენება ხმების აკუმულირების მეთოდი. ეს ნოვაცია პარტნიორებს ანიჭებს უფლებას ხმები გადაანაწილონ საკუთარი სურვილისამებრ რამდენიმე კანდიდატზე და იძულებული არ იყვნენ მხოლოდ 1 კანდიდატს მისცენ ხმა. ვფიქრობ ეს ნოვაცია დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან სს-ს მართვა-გამგეობა უფრო მეტად დემოკრატიულ სახეს იღებს. კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს მნიშვნელოვანი გარიგებების დადების სპეციალური წესი. კანონპროექტით გათვალისწინებულ განსაკuთრებულ სიახლეს წარმოადგენს სააქციო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გარიგების დადება. მნიშვნლეოვან გარიგებას წარმოადგენს გარიგება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია საზოგადოების ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25%-ის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივად დატვირთვასთან. ამგვარი გარიგების დადებამდე, ხელმძღვანელი ორგანო მოვალეა, მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების, ხოლო მონისტურ სისტემაში - არააღმასრულებელი დირექტორების ან საერთო კრების თანხმობა, იმის მიხედვით, კანონით ან სს-ს წესდებით როგორ არის გადანაწილებული ასეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემისათვის შესაბამის ორგანოთა შორის კომპეტენცია. ამ სიახლით უზრუნველყოფილია მთლიანი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა მნიშვნელოვანი გარიგებების დროს, ბევრდ მეტი რისკია ცალკეულმა წარმომადგენელმა ვერ განსაზღვროს მოსალოდნელი რისკები ასეთი გარიგეების დადებისას, ვიდრე როცა ასეთი მნიშვნელოვანი გარიგებებისას გადაწყვეტილებას საზოგადოება მიიღებს მაქსიმალურად კოლექტიურად. კანონპროექტის სიახლეს წარმოადგენს კოოპერატივის ინვესტორი წევრი, რომელსაც წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს შეეხება. ინვესტორ წევრს არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 25%-ზე მეტი. მოცემულ შემთხვევაში დაზღვეულია ინვესტორის უფლებები, რომ არამიზნობრუვად არ გაიხარჯოს მისი ინვესტიციები და ასევე მაქსიმალური ზღვარის დაწესებით კანონმდებელი უსპობს მას საშუალებას უფრო მეტად და მნიშვნელოვნად ჩაერიოს იგი კოოპერატივის საქმიანობაში. ასევე ერთგვარი ინოვაციაა ისიც, რომ კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აწარმოოს კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომელშიც შეიტანება კოოპერატივის ყოველი წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, “პაის” ოდენობა და კატეგორია. აღნიშნული ინსტიტუციის და ვალდებულების შემოღება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოოპერატივის საქმიანობა მეტად გამჭვირვალე იყოს და ამასთანავე მესამე პირისთვის ცნობილი იყოს საზოგადოების პარტნიორთა შესახებაც, რომელიც ჩემი აზრით, გაადვილებს გადაწყვეტილების მიღებას დადოს თუ არა მესამე პირმა გარიგება კონკრეტულ კოოპერატივთან.

- აძლიერებს თუ არა კანონპროექტი მინორიტარი აქციონერების უფლებებს?

- მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათშიარსებობს მითითება იმის თაობაზე, რომ მისი ერთ-ერთი დანიშნულება მინორიტარი აქციონერის უფლებების გაძლიერებაა, პროექტის ანალიზისას აღნიშნული ნაკლებად თვალში საცემია. აქ ვერ შევხვდებით რაიმე ისეთ ახალ ინსტიტუტს და რეგულაციას, რომელიც დაეხმარებოდა მინორიტარ აქციონერს საკუთარი უფლებების უფრო მეტად რეალიზებაში. შენარჩუნებულია იგივე ქმედითი მექანიზმები და ინსტიტუტები, მაგრამ თითქმის არაფერია სიახლე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებდით იმის აღნიშვნას, რომ მინორიტარი აქციონერის უფლებები შესამჩნევად გაძლიერდებოდა კორპორატიულ ურთიერთობებში.

- როგორ აწესრიგებს კანონპროექტი მოგების განაწილების საკითხებს?

- სააქციო საზოგადოებისგან განსხვავებით, კანონპროექტის მიდგომა ამ შემთხვევაში უფრო ლიბერალურია. კერძოდ, შპს-ს დივიდენდის განაწილება შეუძლია მაშინაც, როცა მას მოგება არ მიუღია, მაგრამ დადებითი საკუთარი კაპიტალი, ესე იგი, წმინდა აქტივი გააჩნია. გარდა ამისა, ხელმძღვანელებს მართებთ, ქონების განაწილების წინადადების შემუშავების დროს, გაითვალისწინონ საწარმოს გადახდისუნარიანობის პროგნოზი.

დივიდენდის განაწილების საკითხი სააქციო საზოაგდოებასთან დაკავშირებული თითოეული პირის ინტერესის საგანს წარმიადგენს, ეს ინტერესები კი ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაპირისპიროა. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებაში დივიდენდის ოპტიმალური პოლიტიკის მიღწევის ხელშეწყობას. ამ მიზნით, კანონპროექტში დეტალურად მოწესრიგებულია თუ როგორ უნდა მოხდეს წლიური ანგარიშისა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენა და მეორე მხრივ, დივიდენდის გაცემის საკითხი. დადგენილი წესის თანადმად, სააქციო საზოგადოება შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით და კანონით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილია, მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდების სახით მოგების განაწილების გადაწყვეტილება. ამავდროულად დივიდენდების გაცემა იკრძალება რიგ შემთხვევებში, რომელთა გაანგარიშების წესიც წარმოდგენილია კანონპროექტში.