მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეზურნიშვილი: თხევადი გაზის 300-ლარიანი ტარიფი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის მიიმართებოდა, არ იცვლება

5ee256d4e81d7
BM.GE
11.06.20 20:25
1349
„სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა დაგვანახა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სოციალური გაზის ნაწილში, იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში გაზრდილი გაზიფიკაციის გამო მისი მოხმარება შემცირებულიყო, მოხდა პირიქით - მოიმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ არიან არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები, რომლებიც ამას ანბაჟებდნენ, როგორც სოციალურ გაზს და შემდეგ უკვე სარგებლობდნენ კომერციულ ნაწილში. ამის ადმინისტრირება წარმოუდგენელია, გარდა ერთისა, რომ ორეტაპიანი დაბეგვრა გახდეს ერთეტაპიანი. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ და იქნება ერთეტაპიანი დაბეგვრა 300 ლარად“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვისას, რომელიც ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფას და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, იცვლება მანკიერი პრაქტიკა, რომელიც შეიქმნა 2016 წელს, როდესაც დაწესდა აქციზი ნავთობპროდუქტებზე თხევადი გაზის მიმართულებით.

„ვფიქრობ, რომ დაშვებული იყო ძალიან სერიოზულ შეცდომა, როდესაც ჩვენ გავმიჯნეთ თხევადი გაზის ნაწილი. 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც იყო თხევად გაზზე დაწესებული, ჩვენ გავმიჯნეთ 120 ლარზე და 180 ლარზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 300 ლარი იყო კომერციული მიზნებისთვის, რომელიც მიდიოდა ე.წ მანქანებში ჩასასხმელად და 120 ლარიანი ტარიფი იყო შენარჩუნებული იმისთვის, რომ სოციალური გაზი ე.წ. ბალონებისთვის დაგვეტოვებინა და ხელმისაწვდომი ფასი გამხდარიყო მოსახლეობისთვის. 120 ლარს ვინც იხდიდა, იმას მიჰქონდა ბალონებში რეგიონებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ იყო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ირაკლი მეზურნიშვილმა, ასევე ისაუბრა კანონპროექტით გათვალისწინებულ მეორე ცვლილებაზე, რომელიც შეეხება ჩვეულებრივ ნავთობპროდუქტს 2901 უაქციზო კოდით.

„2016 წლამდე საქართველოში ეს პროდუქტი არ შემოდიოდა. 2016 წელს მოხდა, ეტყობა, ამის აღმოჩენა, როგორც შესაძლებლობა თხევადი გაზის სახით გამოსაყენებლად. ის არ იბეგრებოდა არც 120 ლარით და არც 300 ლარით. უბრალოდ, შემოჰქონდათ ეს კოდი და სარგებლობდნენ ამ შესაძლებლობით. მე არ ვიძახი, რომ ეს იყო უკანონობა, მაგრამ ეს იყო ერთგვარი ხვრელი, რასაც ჩვენ ვკეტავთ და ამ ყველაფერს ვარეგულირებთ. აქედან გამომდინარე, 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის მიიმართებოდა არ იცვლება, უბრალოდ ხდება ადმინისტრირების გაუმჯობესება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.​