მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრების რაოდენობით 2014-2015 წლების დონეზე ვართ - TAV GEORGIA

61af57dd9fd20
მარიამ ვარადაშვილი
07.12.21 17:16
781
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 40%-ით აღდგა.

“2019 წლის რიცხვებს ჯერ ვერ დავუბრუნდით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების მხოლოდ 40%-ის დაბრუნება შევძელით. ამ წლის ჩახურვას 1 650 000 მგზავრით ვაპირებთ. ბათუმში შედარებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. რაც შეეხება 2022 წელს, ვფიქრობთ, 2 მლნ მგზავრზე მეტი გვეყოლება. ამ წლის მონაცემებით, 2014-2015 წლების დონეზე ვართ.

როგორც გითხარით 40% დავიბრუნეთ, ზარალიანი წელია. ჩვენს სექტორში მძიმედ მიდის აღდგენის პროცესი. 2020 წელი საერთოდ ისტორიიდან ამოსაშლელია, რადგან ბათუმის აეროპორტი - სრულად, ხოლო თბილისის აეროპორტი ნაწილობრივ დაკეტილი იყო,” - აცხადებს BMG-თან ზაქარაძე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 1 130 437 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, 2019 წელთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა აეროპორტში 38%-ით აღდგა. რაც შეეხება 2 მლნ მგზავრის პროგნოზს, რასაც "ტავ ჯორჯია” 2022 წელს ელოდება, ეს მაჩვენებელი აეროპორტს 2016 წელს ჰქონდა.

აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი ასევე ამბობს, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ფრენების განახლებაზე რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული ავიაკომპანიების შენარჩუნება. ყველასთან გვაქვს მოლაპარაკება და სხვადასხვა ფასდაკლებას ვთავაზობთ, რათა ბაზარზე შევინარჩუნოთ. აუცილებელია, რომ კოვიდი დასრულდეს, რათა ადამიანებმა უფრო კომფორტულად შეძლონ მგზავრობა”, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

რაც შეეხება 2022 წლის გეგმას, "ტავ ჯორჯია" თანამშრომელთა აცრის გაგრძელებასა და ახალ თუ არსებულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას ასახელებს.

“2022 წლის გეგმა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი ავცრათ. თანამშრომლების 97% უკვე აცრილი გვყავს, რათა ეროპორტში უსაფრთხო გარემო უნდა იყოს. ამისთვის კი, ყველა თანამშრომელი აცრილი უნდა იყოს. ამასთან, ვაგრძელებთ ყველა იმ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებას, რომლებიც საქართველოში რეისების შესრულებას განიხილავენ. მათ სხვადასხვა ფასდაკლებას ვთავაზობთ, რათა შევინარჩუნოთ და მოვიზიდოთ ახალი კომპანიები", - აცხადებს ის.