მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-სა და პროექტის "#წერექართულად" თანამშრომლობა შედგა - განვითარების გეგმები

5e4519c670573
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.20 14:32
2218
„მიუხედავად იმისა, რომ ქართული ანბანის არსებობა საუკუნეებს ითვლის, 2015 წლამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ტექსტური შეტყობინებების დროს ლათინურ ანბანს იყენებდა. დღევანდელი მონაცემებით კი, თუკი მომხმარებელი მიმოწერისას ლათინურ ანბანს იყენებს „ცუდი ტონია“. ეს საქართველოში წამყვანი ბანკი TBC-ის დამსახურებაა“, - ასე აფასებს კომპანია Microsoft-ი „თიბისი ბანკის“ პროექტს #წერექართულად, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას ისახავს, კონკრეტულად კი: ელექტრონულ მოწყობილობებში ქართული ანბანის პოპულარიზაციას, ახალი ფონტების შექმნას, ქართულ-ინგლისური ლექსიკონების გამდიდრებას და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ Microsoft-მა არამხოლოდ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი, არამედ 2 წლის წინ “თიბისი ბანკს“ ამ კონკრეტულ პროექტთან თანამშრომლობის ინიციატივითაც მიმართა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას თიბისის კომუნიკაციების ლიდერი ტატო ნორაკიძე იხსენებს, 5 წლის განმავლობაში პროექტი #წერექართულად-ის დამსახურებით წერის კულტურა 67%-ით შეიცვალა, თუმცა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც Microsoft-ია თანამშრომლობა და ქართული ენის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაა.

„Microsoft - მა დაიწყო თავისი სათარგმნი პლატფორმის გაკეთება. Google-ს სათარგმნი პლატფორმა არც თუ ისე გამართულია, შესაბამისად გადაწყვიტეს რომ უფრო ლოგიკური სათარგმნი პლატფორმა გაეკეთებინათ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას „ბუნებრივი ხელოვნური გააზრება“ (Native artificial intelligence).

Microsoft-ი ჩვენი პროექტით დაინტერესდა და 2 წლის წინ დაგვიკავშირდა. მათ ქართული პლატფორმის შესაქმნელად ინგლისურად 100 000 წინანდადება თარგმნა შემოგვთავაზეს, რაზეც დაუფიქრებლად დავთანხმდით, მით უფრო მაშინ რომ თიბისი ბანკს აქვს ჩვენი ელექტორნული წიგნების სახლი „საბა“, სადაც წიგნები გვაქვს ჩატვირთული. გადავწყვიტეთ ეს პლატფორმაც გამოგვეყენებინა. გავაკეთეთ საიტი qartulad.ge და ქართული ნაწარმოებებიდან ამოვიღეთ წინადადებები. მსურველი როდესაც შედიოდა საიტზე ამოუგდებდა ერთ წინადადებას, რომელიც ინგლისურად უნდა ეთარგმნა. თან წამახალისებელი პრიზებიც გვქონდა 10 გადათარგმნილ წინადადებაზე მაისურს ვჩუქნიდით #წერექართულად სიმბოლიკით და ა.შ.

აღსანიშნავია ის რომ ჩვენ ეს პროექტი სახალხო პროექტად ვაქციეთ, რითაც დავზოგეთ რესურსი და მივეცით მოსახლეობას საშუალება თავისი წვლილი შეეტანა ამ ეროვნულ საქმეში. 6 თვის წინ ეს 100 000 წინადადება გადავეცით Microsoft-ს“, - განუმარტა BM.GE-ს ტატო ნორაკიძემ.

თიბისის კომუნიკაციების ლიდერის ინფორმაციით, პიველ ეტაპზე 40 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ტატო ნორაკიძის თქმით, სასიამოვმო იყო იმის გაგება, რომ Microsoft-მა ამ პლატფორმის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

„პირველი იქნება ის, რომ გააკეთებს ქართულად მოაზროვნე ხელოვნურ ინტელექტს და შემდეგ ეს ინტეგრირდება კომპიუტერულ პროგრამებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად როდესაც სკაიპით დაელაპარაკებით ვიღაცას ამერიკაში ქართულად, ეს პლატფორმა სინქრონულად თარგმნის ინგლისურად თქვენს ნათქვამს და ანალოგიურად თქვენც ქართულად მოისმენთ მის პასუხს.

რთული სათქმელია რამდენი ხანი დასჭირდება ამას, ვინაიდან ყველაფერი საქმის სირთულეზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ქართული ენა არ არის მარტივი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან დიდი სამუშაოები იქნება შესასრულებელი. პირველი ეტაპისთვის იყო 100 000 სიტყვა, ხოლო მეორე მოაზროვნე ინტელექტის შექმნის შემდეგ ამ ყველაფრის ლოგიკური გასწორება იქნება. ხელოვნურ ინტელექტს შეცდომებზე სამუშაოდ ფილოლოგების ჩართვა დაგვჭრდება იმისთვის, რომ ბრუნვებსა და ფორმებში გასწორდეს ყველაფერი“, - ამბობს „თიბისის“ კომუნიკაციების ლიდერი.

მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე  ქართული ენის ინგლისურთან, ხოლო შემდეგ ბრაზილიურთან, რუსულთან, ჩინურთან და სხვა ენებთან ინტეგრაცია მოხდება.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" პროექტის "#წერექართულად" პარტნიორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, "საბა", "ჯეოლაბი", "PH International"-ი და "Microsoft"-ი არიან.